პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტები უსუსურია - დეპუტატი იმპიჩმენტის პროცედურაზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს მასტერ-კლასს უტარებს, რასაც ხვდება აბსოლუტურად უსუსური არგუმენტები, აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო წარდგენის ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოში მასტერ-კლასს ატარებენ იმ დროს, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები აბსოლუტურად უსუსურად გამოიყურებიან, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" დავით მათიკაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ დასრულდა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საქმის განხილვა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ და ახლა სასამართლოს პლენუმმა 14 ოქტომბრამდე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში საზღვარგარეთ შეხვედრების დროს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 12 სექტემბერს მიმართეს.

„საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები და, კერძოდ, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სამართალში მასტერ-კლასს უტარებს, რასაც ხვდება აბსოლუტურად უსუსური არგუმენტები. მცდელობაა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა შეფუთონ და საზოგადოებას შეასაღონ ისე, თითქოს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არადა, მართლაც ძალიან მარტივი სამართლებრივი საკითხია", – განაცხადა მათიკაშვილმა.

კონსტიტუციის 52-ე მუხლში, რომლის დარღვევაშიც ადანაშაულებენ პრეზიდენტს, ნათქვამია: „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს".
მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ გერმანიაში, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტების დროს საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და აწარმოებდა მოლაპარაკებებს. პრეზიდენტის მხარე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას, რაც სტატუსის შესახებ კონსტიტუციის 49-ე მუხლით არის გათვალისწინებული. კერძოდ, ამ მუხლში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - როდის გამოიტანს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო>>
პროცესი სამი დღე მიმდინარეობდა და ამ პერიოდში ორივე მხარე ცდილობდა ცხრა მოსამართლე თავის პოზიციაში დაერწმუნებინა. განხილვას მთლიანობაში 45 საათი დასჭირდა და მისი დიდი ნაწილი მხარეების გამოსვლას, მათ შორის დისკუსიასა და მოსამართლეების კითხვებზე პასუხებს დაეთმო.
ერთადერთი მიწვეული სხდომაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იყო, როგორც მხარე, რომელიც პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე თანხმობას აძლევს.
საინტერესო ფაქტები სასამართლოს დარბაზიდან
დარბაზში არ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინტერესების წარდგენა იურისტებს თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს დაავალა.
თამარ ჩუგოშვილი დიდი ხანი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში, ხოლო კოპალეიშვილი – სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში.
მიუხედავად მმართველი პარტიის წარმომადგენლების მცდელობისა, პრეზიდენტის უარი სხდომაში მონაწილეობაზე წარმოედგინათ, როგორც სასამართლოსადმი უპატივცემულობა, სასამართლომ საკმარისად ჩათვალა მისი წარმომადგენლების დასწრება და გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი სხდომაზე არ გამოეძახა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლელ კოლეგებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიზეზები აუხსნა>>
მმართველ პარტიას, რომელმაც სარჩელი შეიტანა, სასამართლო სხდომაზე წარმოადგენდა პარლამენტის ოთხი დეპუტატი: „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დეპუტატები გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
ამასთან, თუ კოპალეიშვილმა და ჩუგოშვილმა ერთმანეთში პასუხების გაცემის უფლებაც გაინაწილეს და დასკვნითი სიტყვაც, მმართველი ძალის სპიკერი უშუალოდ ირაკლი კობახიძე იყო.
სხდომების მთელი სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არაერთხელ მოუწია მხარეების პოლიტიკური კამათის შეწყვეტა და პოლიტიკური ბრალდებების წამოყენების აკრძალვა. თუმცა, მსგავსი ინციდენტები სხდომის მიმდინარეობის სამივე დღეს ხდებოდა და მხარეები ხშირად გადადიოდნენ პირად მოტივებზე.
ყველა ახალი ამბავი
0