ხელისუფლება რევოლუციას არ დაუშვებს - კობახიძე აშშ-ის სახდეპარტამენტის განცხადებაზე

© AP Photo / Luis M. Alvarezაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მკაცრად დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მისცემს რევოლუციისა და არეულობების მოწყობის საშუალებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის პირველი მოადგილის ვედანტ პატელის განცხადების კომენტარისას.
პატელმა, ფაქტობრივად, გაიმეორა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელმაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებებს ტყუილი უწოდა. სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ USAID-ის მოწვევით საქართველოში 25 სექტემბერს სერბეთის სამი მოქალაქე ჩამოვიდა. მათ უნდა დაემყარებინათ კავშირები არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებმაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ.

„როცა იდება აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ… სერიოზულად ემზადებიან ვიღაცები რევოლუციისთვის, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. მაგრამ რაც ვიხილეთ, არის მძიმე და შეგვახსენებს, რომ საჭიროა სიფრთხილე იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს", – განაცხადა კობახიძემ.

როგორც პატელმა განაცხადა, აშშ-ის საელჩო „ძალზე მკაფიო განცხადებით" გამოვიდა USAID-თან მიმართებით და აღნიშნა, რომ ბრალდებები მცდარია და საძირკველშივე ამახინჯებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარების მიზნებს.
„როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", – განაცხადა პატელმა.
აშშ-ის საელჩომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებებს მცდარი უწოდა>>
ამავე დროს, აშშ-ის საელჩოს მანამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უკვე ორ წელზე მეტია USAID თანამშრომლობს CANVAS-თან, რათა „დაეხმაროს ადამიანებს, ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რაც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია".
მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია, აღნიშნეს საელჩოში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება.
სუსის ახალი განცხადება
სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
სუსი ამტკიცებს, რომ ეს პირები დაკავშირებული არიან 2023 წელს საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
უწყების ცნობით, ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის" მმართველი რგოლი, ხოლო სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი აგრეთვე არიან ორგანიზაცია „ოტპორის" ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას" ანალოგს.
შემაშფოთებელი, გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე>>
სერბეთის მოქალაქეების ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ მათი ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო, აცხადებს სუსი.
სუსის ინფორმაციით, ორგანიზაცია „კანვასის" სერბმა წარმომადგენლებმა 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
სუსის ცნობით, სერბეთის მოქალაქეებმა ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ.
ასევე როგორ უნდა მოაწყონ გზებზე პიკეტები და შექმნან ხელოვნური „საცობები", ადმინისტრაციული შენობების წინ მოაწყონ კარვები, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, როგორი ძალადობრივი პასუხი უნდა გასცენ მათ კანონიერ მოთხოვნებზე. აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე.
ასევე ტრენინგი ეხებოდა აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებს, როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტის შენობაში, გათიშონ მაუწყებლობის სადგურები და ხელში აიღონ ძალაუფლება. სერბეთის მოქალაქეებმა ტრენინგების დროს შედარებითი ანალიზისთვის მოიყვანეს სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით გამოკითხეს. ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
USAID-ს მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ>>
აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე რიგ დეტალებში ურთიერთგამომრიცხავიც არის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
სუსმა სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
სუსში აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის დესტრუქციული გეგმების შესახებ მათ საზოგადოებას 18 სექტემბერს აცნობეს. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების მხილებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღსაკვეთად.
უწყების ინფორმაციით, USAID-ის მიერ დაფინანსებული კონფერენცია 26-29 სექტემბერს ორგანიზებული იყო „CANVAS-საქართველოსა" და East-West Management Institute-ის მიერ. ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.
ყველა ახალი ამბავი
0