შემაშფოთებელი, გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოებას ქვეყანაში სურს მშვიდობა და არა რევოლუცია.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების საპასუხოდ გაკეთდა, გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელია ქართული საზოგადოებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ საქართველოში 25 სექტემბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით ორგანიზაცია „კანვასის" წევრები, სერბეთის სამი მოქალაქე ჩამოვიდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პირებს უნდა დაემყარებინათ კავშირები არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებმაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის შეერთებული შტატების დახმარების მიზნებს.

„გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებასთან, აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება ვნახეთ, რაც შემაშფოთებელია", – განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოებას ქვეყანაში სურს მშვიდობა და არა რევოლუცია.
„საზოგადოების მოლოდინია, ამ შემთხვევაში საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის", – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორ წელზე მეტია USAID თანამშრომლობს ორგანიზაცია CANVAS-თან, რათა „დაეხმაროს ადამიანებს, ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რაც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია".
აშშ-ის საელჩომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებებს მცდარი უწოდა>>>
მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ, აღნიშნეს საელჩოში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) მანამდე, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება.
სუსის ახალი განცხადება
სუსში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
სუსი ამტკიცებს, რომ ეს პირები დაკავშირებული არიან 2023 წელს საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
უწყების ცნობით, ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის" მმართველი რგოლი, ხოლო სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი აგრეთვე არიან ორგანიზაცია „ოტპორის" ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას" ანალოგს.
USAID-ს მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ>>>
სერბეთის მოქალაქეების ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ მათი ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო, აცხადებს სუსი.
სუსის ინფორმაციით, ორგანიზაცია „კანვასის" სერბმა წარმომადგენლებმა 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
სუსის ცნობით, სერბეთის მოქალაქეებმა ჯგუფს ჩაუტარეს სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ.
ასევე როგორ უნდა მოაწყონ გზებზე პიკეტები და შექმნან ხელოვნური „საცობები", ადმინისტრაციული შენობების წინ მოაწყონ კარვები, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, როგორი ძალადობრივი პასუხი უნდა გასცენ მათ კანონიერ მოთხოვნებზე. აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე.
ასევე ტრენინგი ეხებოდა აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებს, როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტის შენობაში, გათიშონ მაუწყებლობის სადგურები და ხელში აიღონ ძალაუფლება. სერბეთის მოქალაქეებმა ტრენინგების დროს შედარებითი ანალიზისთვის მოიყვანეს სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით გამოკითხეს. ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე რიგ დეტალებში ურთიერთგამომრიცხავიც არის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ>>>
უწყების ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
სუსმა სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
სუსში აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის დესტრუქციული გეგმების შესახებ მათ საზოგადოებას 18 სექტემბერს აცნობეს. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების მხილებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღსაკვეთად.
უწყების ინფორმაციით, USAID-ის მიერ დაფინანსებული კონფერენცია 26-29 სექტემბერს ორგანიზებული იყო „CANVAS-საქართველოსა" და East-West Management Institute-ის მიერ. ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.
ყველა ახალი ამბავი
0