საქართველო ფქვილის იმპორტზე გადასახადს ზრდის

ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
ფქვილის იმპორტზე გადასახადის ოდენობის გაზრდა უკავშირდება იმას, რომ ამ თვეებში საქონლის იმპორტი კვლავ მზარდია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ხორბლის ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადის მოქმედების ვადა 2024 წლის 1 მარტამდე გაახანგრძლივა და გადასახადის ოდენობა 25%-მდე გაზარდა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრება. მოსალოდნელია, რომ ეს გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ტონაზე დამატებით 50 ლარი, ანუ, ჯამში, 250 ლარი დაწესდეს ფქვილის იმპორტის შემთხვევაში... ბუნებრივია, ვადაც გახანგრძლივდება. ამ ეტაპზე 1 მარტამდეა ვადა, რომელ ვადაშიც იმოქმედებს ეს მექანიზმი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით ვითარებას და თუ რაიმე საჭიროება იქნება ჩარევის ან მანამდე ან მას შემდეგ შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ნასარიძემ.
ნასარიძის განმარტებით, ფქვილის იმპორტზე გადასახადის ოდენობის გაზრდა უკავშირდება იმას, რომ ამ თვეებში საქონლის იმპორტი კვლავ მზარდია.
მისი თქმით, ეს კვლავაც უკავშირდება არასტაბილურ ფასწარმოქმნას და უხვ მოსავალს მსოფლიოს მასშტაბით.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი დაბალი ხარისხისაა.
გარდა ამისა, ნასარიძის ინფორმაციით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქატოსა და ქერზე დამატებითი 100-ლარიანი გადასახადი დააწესოს (ერთ ტონაზე).
პრემიერი ხორბლის მწარმოებლებს მაქსიმალურ მხარდაჭერას შეპირდა >>
„ვფიქრობთ, რომ ძალიან დაეხმარება ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს, მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში, იმ ფასად, რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და შემდგომშიც ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვრილის შეტანა, რაც აქამდე მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა“, - განაცხადა ნასარიძემ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფქვილზე გადასახადის ზრდის გადაწყვეტილება არ იმოქმედებს პურის ღირებულებაზე და ის არ გაიზარდება.
„ეს კომპლექსური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას“, - აღნიშნა ნასარიძემ.
ნასარიძის განმარტებით, სამინისტრო მუდმივ კავშირზეა ხორბლის მწარმოებლებთან, გადამამუშავებელ სექტორთან და ზოგადად სფეროს წარმომადგენლებთან.
„ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აქტიური შეხვედრები, ერთობლივად შემუშავდა დახმარების პაკეტი და, საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი მექანიზმი. ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შემდგომში მოხდება ამ გადაწყვეტილებების კორექტირება“, - აღნიშნა მან.
რთული დრო
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
ფქვილზე გადასახადმა არ უშველა - ქართველი ფერმერები ხორბალს დღემდე ვერ ყიდიან>>
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 26,9 მილიონი დოლარის ფქვილი შემოიტანა, აქედან 26,1 მილიონი დოლარის - რუსეთიდან (93,4 ათასი ტონა ფქვილი).
რაც შეეხება ხორბალს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 13 მილიონი დოლარის მარცვლეული შემოვიდა, მათ შორის 12,5 მილიონი დოლარის – რუსეთიდან (39,6 ათასი ტონა).
ყველა ახალი ამბავი
0