პრემიერი ხორბლის მწარმოებლებს მაქსიმალურ მხარდაჭერას შეპირდა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიხორბლის მოსავლის აღება
ხორბლის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
ხორბალზე ფასები საკმაოდ დაბალია, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო ბაზარზე არასტაბილური ვითარების და მარცვლეულის ფასების ვარდნის ფონზე სახელმწიფო ხორბლის მწარმოებლებს დაეხმარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ღარიბაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი, მაგრამ ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა მთავრობის მიერ ფერმერებისა და ფქვილის ქარხნების მხარდასაჭერად.
„მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით... ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს. ასე რომ, მათ საფიქრალი და სანერვიულო არ ექნებათ“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ხორბალზე ფასები საკმაოდ დაბალია, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უკვე ოთხ ათასამდე ფერმერს დაეხმარა.
„ჩვენ მანამდე უკვე გადავდგით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები, 4 000-მდე ფერმერს დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით, დავუფინანსეთ საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, მარცვლოვანი კულტურების წარმოება გაეზარდათ. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენა წისქვილკომბინატები საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე დროებითი გადასახადი ამოქმედდა >>
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრება. მოსალოდნელია, რომ ეს გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
„ამის შემდეგ მათ განახორციელეს ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის მწარმოებლებისთვის ისეთი პირობებით მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა. ფქვილის საფასურის დაწევის შემდეგ 35 000 ტონა ხორბალი მიიღეს ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა“, – განაცხადა პრემიერმა.
რთული დრო
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
ფქვილზე გადასახადმა არ უშველა - ქართველი ფერმერები ხორბალს დღემდე ვერ ყიდიან>>
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 26,9 მილიონი დოლარის ფქვილი შემოიტანა, აქედან 26,1 მილიონი დოლარის - რუსეთიდან (93,4 ათასი ტონა ფქვილი).
რაც შეეხება ხორბალს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 13 მილიონი დოლარის მარცვლეული შემოვიდა, მათ შორის 12,5 მილიონი დოლარის – რუსეთიდან (39,6 ათასი ტონა).
ყველა ახალი ამბავი
0