ოპოზიციას საქართველოს მზარდი ეკონომიკის განადგურება უნდა - დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
მიუხედავად ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მყარია, განაცხადა ქადაგიშვილმა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციას საქართველოს მზარდი ეკონომიკის შეფერხება და ჩამოშლა უნდა, რათა გაიზარდოს სოციალურ ნიადაგზე უარყოფითად განწყობილი ადამიანების რიცხვი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გაუქმების ფონზე ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან წასვლით გამოწვეულმა სკანდალმა ქართულ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია – მოსახლეობაში გაჩნდა ლარის გაუფასურებისა და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლის შიში. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის შესახებ შეშფოთება გამოთქვა, როგორც ეს 1990-იანი წლების დასაწყისში იყო, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.

„რადგან ხალხი პროვოკაციულ პოლიტიკას არ ჰყვება, ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ქვეყანაში მზარდია, შეფერხდეს, ჩამოიშალოს და ამან გამოიწვიოს სოციალურ ნიადაგზე ხალხში უარყოფითი განწყობების ზრდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მყარია და არანაირი საფრთხე არ არსებობს ინფლაციისა თუ ლარის კურსის თვალსაზრისით.
მეორე მხრივ, როგორც „Sputnik–საქართველოს“ საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განუცხადა, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო ეროვნული ბანკის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, კერძოდ, მარეგულირებლის საბჭოს წევრების გადადგომის გამო.
ექსპერტმა განმარტა, რომ საბჭოს წევრების გადადგომას მიეცა პოლიტიკური კონტექსტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები და მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ფულადი დეპოზიტები ლარში, უკვე ცდილობენ თანხების დოლარში გადატანას, ანუ იზრდება მოთხოვნა დოლარზე, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია.
ნათია თურნავამ სსფ-ის მისიას თავისი სკანდალური გადაწყვეტილების მიზეზები გააცნო>>
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა 22 სექტემბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6879 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
2023 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა. მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 7,2%-ით გაიზარდა.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს.
ზეწოლას ვერ გაუძლეს - ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომაზე>>
იმავე დღეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მარეგულირებლის მითითებით სრულად იცავენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს და რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა და არ გახდება ამ სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით და მარეგულირებელი მოქმედებს ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად.
აქართველოს საფინანსო სექტორი ძლიერი და მყარია - ნათია თურნავა>>
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში თურნავას კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს დასამტკიცებლად მან წარუდგინა.
თავის მხრივ, თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის ზემოქმედების დროს. პრეზიდენტის მოწოდებას თურნავამ „ზეწოლის კლასიკური მაგალითი" უწოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი სწორედ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ზეწოლის ფონზე გადადგა.
ყველა ახალი ამბავი
0