ტრაგედია შოვში: გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეაგირებაზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2023
გამოწერა
კურორტ შოვში დამანგრეველმა მეწყერმა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი დაკარგულის ძებნა დღემდე გრძელდება.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სტიქიის ზონაში მაშველების პირველი ჯგუფი „112“-ში შეტყობინების შესვლიდან ნახევარი საათის შემდეგ მივიდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.
საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მინისტრ გომელაურის მისვლა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა. მინისტრთან კითხვის ავტორმა, პარლამენტის წევრმა თინა ბოკუჩავამ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ შოვში სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ადრეული გაფრთხილების სისტემა, არ არის სამაშველო ვერტმფრენები და რომ მოსახლეობას ამინდის გაუარესების და შესაძლო მეწყრული პროცესების შესახებ შეტყობინება არ დაეგზავნა.

„ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, შოვის ტერიტორიაზე მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში 3 აგვისტოს 15:07 საათზე შევიდა. 3 წუთში კი, 15:10 საათზე ინფორმაცია უკვე ჰქონდათ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
თანდილაშვილი: შოვში მეწყერის ჩამოწოლის პროგნოზირების შეუძლებლობა დადასტურდა>>>
2 წუთის შემდეგ, 15:12 საათზე ონის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან რეაგირების პირველი ჯგუფი სტიქიის ზონაში გაემართა.
„მიუხედავად რთული რელიეფისა და დიდი მანძილისა, დაახლოებით ნახევარ საათში, 15:40 საათზე (პირველი რეაგირების ჯგუფი) ადგილზე მივიდა. შესაბამისად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შოვში სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და არა 3 საათის დაგვიანებით“, – განაცხადა გომელაურმა.
მეწყერმა თითქმის მთელი კურორტი შოვი გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი დაიღუპა, ერთის ძებნა კი გრძელდება.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
შოვისა და გურიის ტრაგედია: დაღუპულთა ოჯახები 20 ათას ლარს მიიღებენ>>>
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0