გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - ექსპერტის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
პურის გაძვირება არ არის მოსალოდნელი იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისათვის საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა, განაცხადა სილაგავამ.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. დღეისათვის საქართველოში პურის გაძვირების ტენდენცია არ შეინიშნება, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური პური მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, მაღაზიებში ფასნამატი შეადგენს 0,3-0,4 ლარს, ზოგიერთ საცალო ობიექტში კი - 0,5 ლარს.

„პურის ფასის შესახებ შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ დღეს ფასის გაძვირების ტენდენცია არ არსებობს. გაძვირებაზე არცერთი ფაქტორი არ მიუთითებს“, – განაცხადა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირის” პრეს-კლუბში.

მისი თქმით, პურის გაძვირება არ არის მოსალოდნელი იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა.
„მარაგებიც არსებობს, ფასი, ფაქტობრივად, სტაბილურია. მეტსაც გეტყვით, გარკვეულწილად ფასი დაღმავალიც იყო. რუსეთი შარშანდელ და წლევანდელ მოსავალს ისე აქტიურად ვერ ყიდის, როგორც საპროგნოზოა. შესაბამისად, ჩვენი მიმართულებით ხორბლის უფრო მეტი რაოდენობაა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართულებით დაღმავალი ფასია“, – განაცხადა სილაგავამ.
როგორც ექსპერტმა განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსულ-უკრაინული კრიზისის გამო მარცვლეულის ბაზარზე დაძაბული ვითარებაა, რადგან რუსეთი და უკრაინა წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნები არიან.
საქართველოში პური ხარისხიანი გახდება - მცხობელებს ახალი სტანდარტების დაცვა მოუწევთ >>
მსოფლიო ბაზარზე იმ მიმართულებით, სადაც ხორბალი შავი ზღვით მიეწოდება, ფასი უფრო მაღალია, ვიდრე სახმელეთო ტრანსპორტით ან რკინიგზით მიწოდების დროს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში ხდება.
„ჩვენ, ძირითადად, ლარსის საბაჟოდან და სარკინიგზო გზით შემოგვაქვს. ანუ ხორბალსა და ფქვილზე სახმელეთო გადაზიდვები გვაქვს. შესაბამისად, აქ შეგვიძლია ვნახოთ, რომ არც ხორბლის რაოდენობის, არც ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს, შეგვიძლია მოსახლეობა დავამშვიდოთ. ამ მხრივ შეფერხებები არ იქნება”, – განაცხადა სილაგავამ.
შეზღუდვა ხორბლის იმპორტზე
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრება. მოსალოდნელია, რომ ეს გაზრდის ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
„ამ გადაწყვეტილების შედეგად ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის კონკურენტული მდგომარეობა გარკვეულწილად გათანაბრებულია, რამაც წისქვილკომბინატებს საშუალება მისცა, ემუშავათ და გარკვეული რაოდენობის ადგილობრივი ხორბალი ჩაებარებინათ, რაც ასე პრობლემური იყო“, – განაცხადა სილაგავამ.
რთული დრო
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
ფქვილზე გადასახადმა არ უშველა - ქართველი ფერმერები ხორბალს დღემდე ვერ ყიდიან>>
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 26,9 მილიონი დოლარის ფქვილი შემოიტანა, აქედან 26,1 მილიონი დოლარის - რუსეთიდან (93,4 ათასი ტონა ფქვილი).
რაც შეეხება ხორბალს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 13 მილიონი დოლარის მარცვლეული შემოვიდა, მათ შორის 12,5 მილიონი დოლარის – რუსეთიდან (39,6 ათასი ტონა).
ყველა ახალი ამბავი
0