საქართველოში პური ხარისხიანი გახდება - მცხობელებს ახალი სტანდარტების დაცვა მოუწევთ

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
გამოწერა
2023 წლის ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის HACCP-ს სტანდარტების დანერგვა სავალდებულო გახდება.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოში პურის მწარმოებლებმა უნდა იმუშაონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემით, რათა მოსახლეობას მიაწოდონ უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტები, განაცხადა პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.
1 ივნისიდან კვების პროდუქტების ყველა მწარმოებელი და რეალიზატორი, ასევე გადამამუშავებელი პუნქტი ვალდებულია დანერგოს HACCP სისტემა. ეს არის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს იმ სახიფათო ფაქტორების სისტემატურ იდენტიფიცირებას, შეფასებას და მართვას, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პროდუქციის უსაფრთხოებაზე.

„ეს კეთდება მათთვის, ვინც საქართველოში აწარმოებს საკვებს, ეს ეხება საზკვების ობიექტებს, სასადილოებს. მკაცრდება სურსათის წარმოების ტექნოლოგიები. HACCP სტანდარტი ითვალისწინებს წარმოებაში კრიტიკული წერტილების აღმოფხვრას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საკვებით", – განაცხადა დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში.

მისი თქმით, პროდუქტებს შორის შედარებით უსაფრთხო პურია, რადგანაც იგი 220 გრადუსზე ცხვება და ამ პირობებში ყველა მიკრობი კარგავს სიცოცხლისუნარიანობას.
„თუმცა, დროა შემოვიღოთ ცივილიზებული წესები. არ არის საჭირო იმის სწავლება, რომ საჭიროა სახის, ხელების დაბანა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. საწარმო კარგად უნდა ნიავდებოდეს და აღჭურვილი იყოს შესაბამისი ტექნიკით“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი განმარტებით, ახალი წესები მოიცავს წარმოებაში მაგნიტური საცერის გამოყენებას, რათა ფქვილში რაიმე უცხო სხეული არ მოხვდეს, საამქრო ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი განათებით, ვენტილაციით და დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.
საქართველოში 1 ივნისიდან კვების პროდუქტებზე სპეციალური სტანდარტი ამოქმედდება>>>
პურის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, ახალი წესის შემოღებამდე სურსათის ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც მეწარმეებს განუმარტეს, რა და როგორ უნდა იყოს ორგანიზებული მცირე და საშუალო საწარმოებში.
„ეს რეკომენდაციები იწყება ნედლეულიდან: უნდა იცოდე მიმწოდებელი, საიდან და რა ხარისხის ნედლეული მოგაწოდეს, საჭიროა დარეგისტრირება. უნდა არსებობდეს დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა დანამატებს იყენებ, რათა პროდუქტში არ მოხვდეს ის, რაც ადამიანს ზიანს მიაყენებს“, – განაცხადა დოლიძემ.
ამ სისტემის დანერგვა საწარმოებში აუცილებელია კვების პროდუქტების წარმოების უსაფრთხოების კონტროლის კუთხით. ჯანსაღი საკვების წარმოებისთვის სისტემა საშუალებას იძლევა საწარმოებში შეიქმნას და განისაზღვროს აუცილებელი პერსონალი, აღჭურვილობა, ნედლეული, სამუშაო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები.
2015 წლიდან ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოები და სასაკლაოები ვალდებული არიან იმუშაონ HACCP-ს პრინციპებით, 2019 წლიდან მათ დაემატა საექსპორტო თხილის წარმოების სფერო, 2021 წლის იანვრიდან – ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების და/ან გადამუშავების საწარმოები, 2021 წლის ივნისიდან – სურსათის მწარმოებლები საცალო ვაჭრობის პუნქტებში.
ყველა ახალი ამბავი
0