ფარცხალაძეს პროკურატურასთან კონტაქტი 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია - უწყების განმარტება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
ფარცხალაძეს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობის დატოვების შემდეგ უწყებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და ამის საპირისპირო მტკიცება დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანება უწყების წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში დაადანაშაულა, რომლის მიზანიც მნიშვნელოვანი ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძე დაასანქცირა, ოპოზიციის ნაწილი ალაპარაკდა ყოფილ გენერალურ პროკურორსა და რუსეთის ФСБ-ს კავშირზე ქართულ ძალოვან უწყებებთან.
„რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნეს, რომ ფარცხალაძეს ასევე არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან.
„როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სპეციალურად სააკაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები.
არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტი შეაფასეს სწორედ ხსენებულმა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილმა უფროსმა პოლ კოფიმ, ისრაელის ყოფილმა სახელმწიფო პროკურორმა მოშე ლადორმა და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის იურისტმა სერ ჯეფრი ნაისმა.
საქართველოში ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები გაყინეს - ეროვნული ბანკის განმარტება >>
საქმე ისაა, რომ სოციალურ ქსელში სააკაშვილის გვერდზე გაჩნდა პუბლიკაცია, სადაც ის ერთმანეთს უკავშირებს, მისი თქმით, გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმეებს და იმ ფაქტს, რომ ფარცხალაძე რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულეს.
„საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად“, - აღნიშნეს პროკურატურაში.
უწყებამ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ დეზინფორმაციული კამპანია პროკურატურის მუშაობაზე არ იმოქმედებს.
რაც შეეხება აშშ-ის ბრალდებებს ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ, უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.
„გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის ყოფილმა უფროსმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო >>
პროკურატურაში აღნიშნეს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, და ამ კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოების ინფორმირების გზით წარიმართება.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის რუსეთის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ფაქტზე დეტალური გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
ამავდროულად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეუზღუდა ფარცხალაძეს წვდომა თავის აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო.
სუსი ამერიკისგან მტკიცებულებებს ელოდება: პაპუაშვილი ყოფილი გენპროკურორის სანქცირებაზე >>
თავის მხრივ, მმართველი პარტია ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან მეტ მტკიცებულებას ელოდება და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბრობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე: დავამტკიცებ, რომ აშშ-ის სანქციები უსაფუძვლოა >>
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
წყარო - გენერალური პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0