საქართველოში ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები გაყინეს - ეროვნული ბანკის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს შეუზღუდეს წვდომა აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო, რადგან საქართველოს ფინანსური სექტორი მუშაობს სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, რომ 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
სუსი ამერიკისგან მტკიცებულებებს ელოდება: პაპუაშვილი ყოფილი გენპროკურორის სანქცირებაზე >>
სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა, მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას.
„სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას/მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს.
მარეგულირებელმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით კალაძე აშშ-სგან მეტ ინფორმაციას ელოდება>>>
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0