საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლომ წარდგინების განხილვა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
დღეს არსებული მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის მხარდასაჭერად 17 ხმა აკლია.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ განსახილველად მიიღო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება. იგი უმაღლესი სასამართლო ორგანოს პლენუმს გადაეცა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მას შემდეგ დააანონსა, რაც ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს უცხოური ტურნე დაიწყო. შედეგად, გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აღნიშნულ წარდგინებას ერთი თვის განმავლობაში განიხილავს და შემდეგ პარლამენტს დასკვნას წარუდგენს.

„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“)", – ნათქვამია განცხადებაში.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს 2023 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, 14 სექტემბერს წარდგინება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ინფორმაცია №1797 კონსტიტუციური წარდგინების განხილვის თარიღის შესახებ გავრცელდება დამატებით.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
რა უნდა ექნა პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში დადანაშაულების შემდეგ - პაპუაშვილი>>>
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - რისი იმედი აქვს მმართველ პარტიას>>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0