რა უნდა ექნა პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში დადანაშაულების შემდეგ - პაპუაშვილი

© Administration of President of Georgiaსალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2023
გამოწერა
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისთვის, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევის აღიარება და იმის თქმა, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" დააანონსა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მას შემდეგ, რაც მან მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს უცხოური ტურნე დაიწყო. ამისათვის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია საკონსტიტუციო წარდგინება, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.

„ერთადერთი სწორი გზა პრეზიდენტისთვის იქნებოდა, რომ მან აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ზურაბიშვილმა თავად დაადასტურა, რომ დაარღვია კონსტიტუცია როდესაც თქვა, რომ ვიზიტებში საკუთარი სახსრებით გაემგზავრა. წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულზე და არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევაზე, აღნიშნა მან.
„ის ხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყენებდა თანხას იმ ვიზიტისთვის, რომელზედაც თანხმობა არ ექნებოდა, ეს გარდა იმისა, რომ იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა, იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი გამოყენება. რეალურად, ყველა აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაირღვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, როდესაც კონსტიტუცია ირღვევა, სახელმწიფომ მისი დარღვევა უნდა აღიაროს. ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მიიღებენ საქართველოს ევროპულ ოჯახში - როგორც სახელმწიფოს, თუ როგორც ბარბაროსებს, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ ძირითად კანონს.
„თუკი ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მაშინ აქ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აღიარებული იყოს კონსტიტუციის დარღვევა, არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციას ხელს უწყობს სწორედ კანონის დარღვევა და არა მისი აღდგენა.
„მოვისმინეთ ზოგიერთი ევროპელი დიპლომატის მეგობრული რჩევა, რომ შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესი ხელს უწყობდეს პოლარიზაციას. პოლარიზაციას თუკი რამე ხელს უწყობს, ეს არის არა კანონის აღდგენა, არამედ – დარღვევა, არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის სწორედ ევროპული ფასეულობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ეს ოცნება დაივიწყეთ - სალომე ზურაბიშვილი შესაძლო გადადგომის შესახებ>>>
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0