შსს: სტიქიის ზონაში უსაფრთხო ადგილზე 11 მოქალაქეა გადაყვანილი

© Dusheti Municipalityმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ამ დროისათვის სტიქიის ზონაში ორ დაკარგულს ეძებენ, მათგან ერთი ბავშვია.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. გურიაში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, რომელთა შორის არიან არასრულწლოვნები, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარიისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.
ბოლო მონაცემებით, მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელ ჯუმათში დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელ სუფსიდან – 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.
მაშველებმა სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ჯუმათში არასრულწლოვნის ცხედარს მიაკვლიეს. ამ დროისათვის გრძელდება დაკარგული ორი პირის სამძებრო ღონისძიებები, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია.
„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები", – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უამინდობის შედეგად გურიის რეგიონში ადიდებულია მდინარეები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მეწყერმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ათამდე სახლი ჩაიყოლა.
სტიქია საქართველოში: გურიაში სამ ადამიანს ეძებენ>>>
გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა ამინდის გაუარესების შესახებ გააფრთხილა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 სექტემბერს ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, მაღალმთიან რეგიონებში კი შესაძლებელია თოვლჭყაპიც.
ყველა ახალი ამბავი
0