შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემის გამარჯვებაა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 23 თებერვალს „ნაცმოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების დროს ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას. გარდა ამისა, ევროპის სასამართლომ მთლიანად გამორიცხა დაკავების პოლიტიკური მოტივები.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი გამარჯვებაა საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისთვის, რომლის ვერდიქტებიც ბოლო რამდენიმე შემთხვევაში ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა სრულად დაადასტურა", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ასევე აჩვენა, რომ მელიას დაკავების თაობაზე საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის მწვავე კრიტიკა იყო უგუნური და არაშორსმჭვრეტელური.
„ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნაჩქარევი განცხადებები კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და აზიანებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, ვინაიდან ეს განცხადებები უბიძგებს ოპოზიციაში მყოფ რადიკალებს, რომ გახდნენ კიდევ უფრო რადიკალურები და გამოიწვიონ კიდევ უფრო დამაზიანებელი პოლარიზაცია", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დეპუტატის დავით ხაჯიშვილის თქმით, სტრასბურგში მელიას საქმის წაგების მიზეზი ადვოკატების ცუდი მუშაობა გახდა, რომლებმაც სასამართლოში ვერ დაამტკიცეს, რომ მელია პოლიტპატიმარი იყო.
იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მელიას საქმეზე>>>
ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს „ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. სასამართლო სხდომას თავად მელია არ ესწრებოდა და მისი დაკავების გადაწყვეტილება დაუსწრებლად იქნა მიღებული.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობა დატოვა. როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, იგი მმართველ პარტიასთან ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა.
მელიას დაკავება უკვე ახალი პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოხდა.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების ფაქტმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია. განსაკუთრებით აღშფოთებული იყვნენ აშშ-ის წარმომადგენლები. მმართველ პარტიაში კი ხელისუფლების ქმედებები კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით ახსნეს.
ყველა ახალი ამბავი
0