„გავერთობით!" - მმართველი პარტიის გენმდივანი „ნაცმოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების პროცესი სულ უფრო გაღრმავდება და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო საინტერესო გახდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.

„ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა „ნაციონალურ მოძრაობაში". ეს დაპირისპირება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, მგონია, რომ აღნიშნული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ბოლო დღეების განმავლობაში აღიარებით ჩვენებებს ვისმენთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დაპირისპირების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება. მერწმუნეთ, გავერთობით!“ – განაცხადა კალაძემ.

5 სექტემბერს სააკაშვილმა მის მიერ დაფუძნებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისადმი მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოიხსენია ყოფილი თანამებრძოლი და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელი ლიდერი გიგა ბოკერია. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“. პასუხად ბოკერიამ განაცხადა, რომ როცა პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც უნდა შეიცვალოს.
მუქარა თუ გაფრთხილება? ვინ არის სინამდვილეში სააკაშვილის მიმართვის ადრესატი>>>
თავის მხრივ, ნიკა მელია, რომელმაც 2023 წლის იანვარში შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ დაკარგა „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი, და მისი მხარდამჭერები დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილის განცხადების ადრესატი პარტიის ახალი ხელმძღვანელობაა ლევან ხაბეიშვილით სათავეში.
თავად მელია ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ. ამის თაობაზე დიდი ხანია საუბრობენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც.
თავად ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მიმართვა სწორედ მელიას და მის თანამოაზრეებს ეხებოდა, რომლებიც ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად, „ნაცმოძრაობას" აკრიტიკებენ.
„ქართული ოცნება“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0