მუქარა თუ გაფრთხილება? ვინ არის სინამდვილეში სააკაშვილის მიმართვის ადრესატი

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალმა მიმართვამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის.
გუშინ სააკაშვილმა მის მიერ დაფუძნებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისადმი მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოიხსენია ყოფილი თანამებრძოლი და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელი ლიდერი გიგა ბოკერია. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“.
ბოკერიას რეაქციამ არ დააყოვნა. მისი თქმით, როცა პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც უნდა შეიცვალოს.

„ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს შეერთდება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 2008-2010 წლებში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. 2010 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. იგი აღნიშნული თანამდებობიდან სააკაშვილმა 2013 წლის ნოემბერში გაათავისუფლა, როდესაც უკვე პრეზიდენტობის ვადა ეწურებოდა.
2016 წელს სააკაშვილთან უთანხმოების გამო პოლიტიკოსმა დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და თანამოაზრეებთან ერთად დააარსა პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“. საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით, პარტიის რეიტინგი 1%-ს შეადგენს.
რა ჯობს?
რომელი გზაა უკეთესი – სააკაშვილის თუ ბოკერიასი? ამ საკითხს სადავოდ მიიჩნევს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

„არასერიოზული იქნება, რომ ახლა საავადმყოფოში მყოფი ადამიანის რაღაც პოლიტიკურ განცხადებებზე მსჯელობა გავმართოთ. რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, სადავოა, სააკაშვილის გზა ჯობს თუ ბოკერიასი. მე თუ მკითხავთ, საქართველოსთვის ის გზა ჯობს, რომელსაც ახლა მიჰყვება ქვეყანა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილი ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებას ცდილობს და ეს სიმპტომი, რომელიც შიდაპარტიული რღვევის ნაწილია, უფრო სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს.

„უკვე არასერიოზულად მიმაჩნია, რომ თანმიმდევრული მსჯელობა და ანალიზი გავმართოთ იმ ადამიანზე, ვინც ბევრი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. ის არის პატიმრობაში, ისაა პაციენტი და მკურნალობს, ამიტომაც ჯობს ექიმებს საშუალება მივცეთ, მის ჯანმრთელობაზე იზრუნონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ივნისის შუა რიცხვებში სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 22 აგვისტოდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი მისი დახმარებით საარჩევნო კამპანიას იწყებს საქართველოს რეგიონებში და მზად არის მოისმინოს მოსახლეობის პრობლემები.
ვინ არის სააკაშვილის ადრესატი
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თავის განცხადებაში, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას გულისხმობდა, რომელიც ბოლო დროს ღიად აკრიტიკებს პარტიის ახალ ხელმძღვანელობას ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაც პარტიიდან წასვლას აპირებს და მელიას გარდა არავინ მახსენდება. შეიძლება ვინმე სხვას გულისხმობდა, მაგრამ, ალბათ, იგულისხმა, რომ თუ მელია წავა, ისიც დაკარგავს რეპუტაციას და რეიტინგს, რომელიც შეიძლება ჰქონოდა, რომ დარჩენილიყო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მელია, რომელმაც 2023 წლის იანვარში შიდაპარტიული არჩევნების შედეგად დაკარგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი, ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერი, სინამდვილეში კი პარტია კულისებიდან შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ იმართება. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც.
გზები არ აგერიოთ!
მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიმართული იყო მათკენ, ვინც სხვადასხვა ტელეეთერს და დროს იყენებენ იმისთვის, რომ ლანძღოს „ნაცმოძრაობა“ – ამაში დარწმუნებულია პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და აღნიშნავს, რომ კრიტიკის მთავარი ობიექტი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს.
„გზები არ აგერიოთ, თუ ვინმე აპირებს პარტიიდან წასვლას და სხვა პარტიაში გაწევრიანებას, მაშინ კონკრეტული ბედი მოუწევს გაიზიაროს. სახელის და გვარის დასახელება არ მინდა, ეს ჩემს ინტერესებში არ შედის", – განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია Formula-ს ეთერში.
რა ხდება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
რა გეგმები აქვს მმართველ პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით: კობახიძის განმარტება>>>
„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ,რომ ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
ყველა ახალი ამბავი
0