ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია შოვის ტრაგედიას პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებს

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიცია" კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიას ქვეყანაში პოლარიზაციის გასაღვივებლად იყენებს, რითაც ხელს უშლის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის გახსნაზე.
რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, საკითხის განხილვა დაიწყება ოქტომბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შოვის ტრაგედიის თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე 22 სექტემბერს ინტერპელაციის წესით წარდგება.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნული განცხადება საშემოდგომო სესიის გახსნის წინ გააკეთა. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა გულგრილობა და დაგვიანებული რეაგირება რიგი ჩინოვნიკების მხრიდან.

„ევროკავშირის ერთ-ერთი, რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „რადიკალები“ თავდასხმებს ახორციელებენ არა მარტო მმართველ პარტიაზე, არამედ გმირ მაშველებზეც.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მათი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში „დეპოლარიზაციას“ განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ გეგმავს საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერას. საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია აგრეთვე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
პრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთი პირობის შესრულება დაგვრჩა>>>
როგორც დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, გახარიას პარტიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გაირკვევა, რა სურს მათ რეალურად – დანაშაულის გამოძიება თუ დანაშაულის დაფარვა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.
დეპოლარიზაცია 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
შოვში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
სარჯველაძე კომისიის შექმნის მომხრე ოპოზიციაზე: ტრაგედიის ადგილზე არც ჩასულან>>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო მოლოდინის რეჟიმში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0