სარჯველაძე კომისიის შექმნის მომხრე ოპოზიციაზე: ტრაგედიის ადგილზე არც ჩასულან

© Ministry of Internal Affairs of Georgiaშოვი
შოვი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
გამოწერა
ოპოზიციას სურს ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და არა სიმართლის გარკვევა, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც შოვის ტრაგედიის მიზეზების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმამაღლა და ანგაჟირებულად მოითხოვს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ადგილი, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება და სახელმწიფო უწყებების უკეთ მოქმედება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის", პარტია „ხალხისთვის".

„როდესაც დაიწყო მოთხოვნების წამოყენება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, პრაქტიკულად ადგილზე არ ჩასულა და ფიზიკურად არ დაუთვალიერებია იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერა და არა სიმართლის გარკვევა.
„რეალურად აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ აპირებს დაუჭიროს მხარი ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. პარლამენტის სპიკერმა კომისიის შექმნის ინიციატივას „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა.
ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენაა - გახარიას პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე >>
საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს არც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად სულ ცოტა 50 დეპუტატია აუცილებელი. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 140-დან 84 დეპუტატი შედის.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.
ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენაა - გახარიას პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე>>
ბოლო მონაცემებით, მეწყრის შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
უსაფუძვლო და უადგილოა: „ქართული ოცნება" შოვის ტრაგედიაზე კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0