პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება განმარტა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
ზურაბიშვილმა მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თვალში ნდობა დაკარგა, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყების შესახებ გადაწყვეტილება გამართლებულია, რადგან ის უცხოურ ტურნეში მთავრობის უარის მიუხედავად გაემგზავრა, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს დაიწყო, 1 სექტემბერს კი მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„სამწუხაროა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი და, ზოგადად, კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ (იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება), იყო აბსოლუტურად გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე გერმანიაში ვიზიტით დაიწყო, სადაც 31 აგვისტოს თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა. 1 სექტემბერს იგი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. შემოდგომაზე ზურაბიშვილმა გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლა დაგეგმა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. ყველა ამ ვიზიტზე მთავრობამ მას უარი უთხრა.
მიზეზად კი, რის გამოც ღარიბაშვილმა უარი უთხრა პრეზიდენტს უცხოურ ვიზიტებზე, მის მიმართ ნდობის დაკარგვა დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მიზეზები და ოპოზიციის გადაბირების პერსპექტივები>>>
„თქვენ გახსოვთ კარგად, რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, 12 რეკომენდაციას და ასევე მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რამ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
პრემიერი: პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია >>
პრემიერის თქმით, მარტო პარლამენტში მოსმენილი იყო საკმარისი იმისათვის, რომ არა მარტო მთავრობის მეთაურმა, არამედ მინისტრებმა, პარლამენტის და მმართველი გუნდის წევრებმა პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგეს.

„მე ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ვიზიტებზე... გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, ცხადია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიღწევა არარეალურია, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობას საამისოდ საკმარისი ხმები არ აქვს, მაგრამ ქვეყნის მთავარი კანონის უხეშ დარღვევაზე თვალის დახუჭვაც არ შეიძლება.
სააკაშვილის შეწყალება თუ იმპიჩმენტი: „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს აშანტაჟებს? >>
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, „ქართულ ოცნებას" კი ოპოზიციის იმედი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია" ერთ მხარეს არიან.
ევროპული ამბიციები
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა ომი და მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის სტატუსი მოიპოვოს.
„ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა. ვასრულებთ და შევასრულებთ 12-ვე რეკომენდაციას, მაქსიმუმს ვაკეთებთ, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე დღეში საქართველოს ეწვევა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი, რომელსაც საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გადასცემს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი.

„ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე... მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„მინდა შევახსენო – არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს – ოპოზიციას არაფერი გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
დეოლიგარქიზაცია - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №5 პირობის შესრულებაზე >>
სასამართლო რეფორმა - „ქართული ოცნება" ევროკავშირის მესამე პირობის შესრულებაზე >>
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №6 პირობის შესრულებაზე >>
გარდა ამისა, როგორც ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.
ყველა ახალი ამბავი
0