ცნობილი სახეები და ექიმები თამბაქოს მოხმარების წესებს არღვევენ - მონიტორინგის შედეგები

© photo: Sputnik / Stringer„მოწევა აკრძალულია"
„მოწევა აკრძალულია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
საქართველოში მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ადგილზე.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ცნობილი სახეები და ექიმები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ნაცვლად, დროდადრო თამბაქოს მოხმარების წესებს არღვევენ, იუწყება „ბიზნეს-პარტნიორი" არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით.
„ალიანსი“ საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის ერთ-ერთი ინიციატორია და მის აღსრულებას თვალს ადევნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის ივლისში „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში კვლავ გამოვლინდა დარღვევები როგორც თამბაქოს მოხმარების, ისე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის სფეროში.

„სამწუხაროა, რომ დროდადრო თამბაქოს მოხმარების რეგულაციის დამრღვევთა შორის ცნობილი პიროვნებები, ან სამედიცინო სფეროს მუშაკები არიან, ის ხალხი, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას უნდა ეწეოდნენ. მათ შორისაა ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანი, რომელიც სტუდიაში ელექტრონულ სიგარეტს ეწეოდა", – ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, გარდა ამისა, ქუთაისში ერთ-ერთი პოლიკლინიკის ექიმი თამბაქოს დახურულ სივრცეში ეწეოდა.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, თამბაქოს მოხმარების რეგულაციის დარღვევები, კერძოდ, სიგარეტის და ჩილიმის მოწევის ფაქტები დაფიქსირდა თბილისში და რეგიონებში მდებარე რამდენიმე კაფე-რესტორანში.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოს სასტუმროებში მოწევასთან დაკავშირებით>>>
როგორც ალიანსში აღნიშნეს, მონიტორინგის დროს ერთხელ უკვე გაფრთხილებული ან დაჯარიმებული ორგანიზაციები განმეორებით მოწმდებიან.
დედაქალაქში არსებული 29 დაწესებულების განმეორებითმა შემოწმებამ დარღვევები არ გამოავლინა. თუმცა, ივლისის განმავლობაში „112"-ზე მობილური აპლიკაციით ინფორმაცია შევიდა აღნიშნული რეგულაციების სხვა დამრღვევებზე, რომელთა გამო ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლები დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის რეგულაციას, მონიტორინგის შედეგად შემოწმებული მაღაზიების უმრავლესობაში ჩვეულებრივი სიგარეტი კანონის შესაბამისად განთავსებულია დაფარულად, ელექტრონული სიგარეტი კი თვალსაჩინო ადგილზეა ტკბილეულის, საბავშვო და სხვა სახის პროდუქციასთან ერთად, რაც ახალგაზრდების ყურადღებას იპყრობს.
შემოწმებული სავაჭრო ობიექტების 3,6%-ში შიდა სივრცეში თამბაქოს რეკლამების შემთხვევები დაფიქსირდა. რეკლამების დაახლოებით 82% თამბაქოს კლასიკური ნაწარმის, ჩვეულებრივი სიგარეტის რეკლამაზე მოდის, დანარჩენი კი თამბაქოს ახალ პროდუქტებზე.
ჩვეულებრივი სიგარეტის რეკლამა ძირითადად წარმოდგენილია თამბაქოს სტენდებზე დაკრული QR-კოდის სტიკერის სახით, რომლის დასკანერების შემთხვევაში ზოგჯერ თამბაქოს პროდუქტების ჩამონათვალი იხსნება, ზოგჯერ კი აჩვენებს გადახაზულ ასაკობრივ შეზღუდვას.
პარლამენტმა თამბაქოს საწინააღმდეგო წესების ამოქმედება 2024 წლამდე გადაავადა>>>
ალიანსი მოუწოდებს საზოგადოებას, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ „112"-ზე, ან მობილური აპლიკაციის საშუალებით, რასაც საპატრულო პოლიციის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება.
საქართველოში „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა და ის წლიდან წლამდე მკაცრდება. მოწევა აკრძალულია ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს. თამბაქოს მოხმარება აკრძალულია კერძო ავტომობილშიც, თუ იქ არასრულწლოვანი იმყოფება, ასევე ტაქსიში, საბაგირო გზების გონდოლებსა და კატარღებზე.
დღეისათვის საქართველოში ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 5,5 ლარიდან იწყება. შედარებისთვის: 2017 წელს ერთი კოლოფი სიგარეტი დაახლოებით 1,5 ლარი ღირდა.
ყველა ახალი ამბავი
0