პარლამენტმა თამბაქოს საწინააღმდეგო წესების ამოქმედება 2024 წლამდე გადაავადა

© photo: Sputnik / Stringer"მოწევა აკრძალულია"
მოწევა აკრძალულია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
ახალი ნორმის ამოქმედების შემდეგ ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის შესახებ ნორმის ამოქმედების 2024 წლამდე გადადებას ითვალისწინებს.

მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიიღო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ნორმის ამოქმედების მომხრეა და მიაჩნია, რომ გადავადების საფუძველი არ არსებობს.

ახალი ნორმები, რომლებიც არეგულირებს თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის რეალიზაციას ან დახლებზე განთავსებას, მოქმედი კანონის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც კანონის ნორმის ამოქმედებას ორი წლით გვიან – 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს.
კანონპროექტის წარდგენისას მისმა ერთ-ერთმა ავტორმა ისკო დასენმა განმარტა, რომ თარიღის გადადება კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, რადიკალური დანაკარგების გარეშე მოახდინონ თავიანთი წარმოების ადაპტირება არსებულ რეალობასთან, თავიდან აიცილონ უკანონო ვაჭრობა, ბაზარზე გაზრდილი კონტრაბანდული პროდუქციის გამოჩენა, ლეგალური პროდუქციის გაყიდვების შემცირება და ბიუჯეტის შემოსავლების დამატებითი დეფიციტი.
პარლამენტი VS ჯანდაცვის სამინისტრო: როგორი შეფუთვით გაიყიდება თამბაქო ახალი წლიდან>>>
როგორც დასენმა აღნიშნა, 2017 წლიდან თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების მიერ მუდმივად ხდებოდა არსებულ კანონმდებლობასთან მორგება და დღეისათვის დარჩენილია მხოლოდ ახალი ნორმების ამოქმედება, რომელიც არეგულირებს რეალიზაციას ან სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის განთავსებას დახლზე.
როგორც დასენმა აღნიშნა, კანონპროექტი გამარტივებული წესით განიხილეს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
რას გულისხმობს შეფუთვის ერთიანი სტანდარტი
ახალი სტანდარტების მიხედვით, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა.
ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“. ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
ყველა ახალი ამბავი
0