მთავრობა: სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი ეთქვა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურად უარი უთხრა გერმანიაში ვიზიტზე, რომელიც მან ოთხშაბათს, 30 აგვისტოს დააანონსა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 აგვისტოს ბერლინში ვიზიტით და გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრით სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციამ ასევე წარმოადგინა იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი, რომლებში ვიზიტებზეც ეთქვა უარი სახელმწიფოს მეთაურს.
პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთში, 4-6 ოქტომბერს ბელგიაში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიაში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.
სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.
„შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ევროპაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
„ქართულმა ოცნებამ" თავისი ცხრაწლიანი პროდასავლური კურსიდან გადაუხვია - პრეზიდენტი >>
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელი მოეწერა. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0