„ევრონიუსის" მაყურებელი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა

© photo: Sputnik / Stringerაჭარა
აჭარა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობს.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო კომპანია „ევრონიუსი" ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს, რომელიც სექტემბერში გავა პოპულარულ სამოგზაურო გადაცემაში Explore, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობს.

„არხის მილიონობით მაყურებელს საშუალება ექნება გაიცნოს ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები, ქალაქის ძველი და თანამედროვე სახე, ეკოტურისტული მიმართულებები, ქართული გასტრონომია, ფოლკლორი და ღვინის დაყენების 8.000-წლოვანი ტრადიცია", – აღნიშნავს უწყება.

გადაცემა Explore-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაღებები ბათუმიდან დაიწყო, შემდეგ კი საქართველოში მცხოვრებ ბრიტანელ ეკოლოგთან ერთად მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრა. აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძების მასტერ-კლასები, ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის ქვევრიდან ამოღების პროცესი „ევრონიუსმა" ქობულეთში გადაიღო.
წელს „ევრონიუსზე" აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო.
„ევრონიუსს" მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ის 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს.
ბათუმი მსოფლიო გამოცემების ობიექტივში - საერთაშორისო ასპარეზზე აჭარის პოპულარობა იზრდება>>
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო რეკლამა BBC-სა და Deutshce Welle-ს ეთერშიც განახორციელა. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია აგრეთვე ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზე.
რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტები აჭარაში. მიმდინარე წელს აჭარას უკვე სტუმრობდნენ სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.
ყველა ახალი ამბავი
0