ბათუმი მსოფლიო გამოცემების ობიექტივში - საერთაშორისო ასპარეზზე აჭარის პოპულარობა იზრდება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
გასულ წელს ბათუმს სამიზნე ქვეყნებიდან 500-მდე უცხოელი ჟურნალისტი და ტუროპერატორი ეწვია.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, პრეს-ტურები და სარეკლამო კამპანიები მსოფლიოს სამიზნე ქვეყნებში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამოცემა INDEPENDENT-მა საკურორტო ქალაქი ბათუმი ევროპის ტურისტული მიმართულებების საუკეთესო ათეულში შეიყვანა. აჭარის დედაქალაქმა მეორე ადგილი დაიკავა ისეთი ქვეყნების ქალაქების სიაში, როგორიცაა საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, შვეიცარია.
ბათუმის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლები გადაიცემა ისეთ პრესტიჟულ და საერთაშორისო არხებზე, როგორიცაა Euronews, BBC, Deutsche Welle.
აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებები გაიმართა ისრაელში, სკანდინავიის ქვეყნებში, უნგრეთში. რეგიონის ტურისტული პროდუქტები წარმოდგენილი იყო 40-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.
გასულ წელს ბათუმს სამიზნე ქვეყნებიდან 500-მდე უცხოელი ჟურნალისტი და ტუროპერატორი ეწვია, რომლებმაც მოამზადეს სტატიები, რეპორტაჟები და სიუჟეტები აჭარის შესახებ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რეგიონში ვიზიტების მზარდი დინამიკაა>>>
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის თინათინ ზოიძის თქმით, 2022 წელი ბათუმისთვის ტურისტული კუთხით განსაკუთრებული წელი იყო. გასულ წელს ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ – World Travel Awards-ის ჯილდო მიიღო.
გასულ წელს ბათუმი ისეთი საერთაშორისო არხებისა და გამოცემების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როგორებიცაა Euronews, Forbes USA, Conde Nast Traveler და ა.შ.
2023 წელს ბათუმი პირველად უმასპინძლებს European World Travel Awards-ის დაჯოლდოების ცერემონიას. რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი ჩამოვა.
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელიც ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნა, აქტიურ ფაზაში შედის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის პროგნოზით, წელს რეგიონს 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვევა.
ყველა ახალი ამბავი
0