რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
სიას შეემატა ჰიპერტენზიის, ალერგიის სამკურნალო წამლები, ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო და სხვა საშუალებები.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფომ რეფერენტული ფასები შემოიღო, გაიზარდა და ამჟამად სიაში 2.313 დასახელებაა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
უკვე არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს დაემატა ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები.
მედიკამენტების ჩამონათვალი რეფერენტული ფასებით იხილეთ ბმულზე.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი წლის ბოლომდე 7.000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. რეფორმის მთავარი მიზანია მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფა.
საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
სახელმწიფო ახალი თაობის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს>>
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.
ყველა ახალი ამბავი
0