ტრაგედია შოვში: სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოები გრძელდება

© Ministry of Internal Affairs of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2023
გამოწერა
ღამით ძლიერი წვიმა იყო ონის მუნიციპალიტეტში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში, ამის შესახებ ონის მერმა, სერგო ხიდეშელმა განაცხადა.
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 24-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია. უგზო-უკვლოდ ექვსი ადამიანია დაკარგული. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
როგორც სერგო ხიდეშელმა აღნიშნა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 არის იდენტიფიცირებული და 6 მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს
„საძიებო სამუშაოები არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ ძლიერი წვიმა იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია“, – განაცხადა ხიდეშელმა.
მან მადლობა გადაუხადა საძიებო სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს და ყველა სტრუქტურას, ასევე მუნიციპალიტეტების მერებს გვერდში დგომისთვის.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
„სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიის ეპიცენტრში დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება ფაქტობრივად დასრულებულია.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0