შოვში დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაძიებო სამუშაოები შოვში
საძიებო სამუშაოები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
მაშველები საძიებო სამუშაოებს შოვში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ - ამ დროისთვის შემოწმებულია სტიქიური უბედურების ეპიცენტრის ტერიტორიის 90%.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზრდა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 7 პირი. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
ტრაგედია შოვში: მაშველები ცხრა ადამიანს ეძებენ>>
მაშველები საძიებო სამუშაოებს შოვში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ - ამ დროისთვის შემოწმებულია სტიქიური უბედურების ეპიცენტრის ტერიტორიის 90%. სტიქიური უბედურების ზონაში 11 პრიორიტეტულ წერტილზე დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. საძიებო ოპერაციის ზონა ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდეა გაფართოებული. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, სამხედროები, პოლიცია, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სტიქიური უბედურების ტერიტორიის სრულ გამოკვლევას ორი დღე დასჭირდება>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
გომელაური: სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს>>
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0