როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სახალხო დამცველის ექსპერტთა დასკვნა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
წელიწადზე მეტია მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი სამკურნალოდ კერძო კლინიკაში იმყოფება.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, შენარჩუნებულია თანდათანობით პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ნელი დინამიკა.
დაკავებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს კახექსიაზე მკურნალობენ, რაც არასაკმარისმა კვებამ გამოიწვია.
ექსპერტთა დასკვნის თანახმად, სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია – კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება.
გარდა ამისა, გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით.
თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0,5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1-ია და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს.
ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის – შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი ისევ არ იცავს ექიმების რეკომენდაციებს>>
კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც, აღნიშნავენ ექსპერტები.
მკურნალი ექიმები ავადმყოფის მდგომარეობას აფასებენ, როგორც სტაბილურს, საშუალო სიმძიმის, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. მხოლოდ ერთ ჩანაწერში – 2023 წლის 31 მაისს არის ნათქვამი, რომ მდგომარეობა მძიმე რჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდეგ შეინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რაც შეიძლება იყოს ასევე ძვლის ტვინის სუპრესიის შედეგი.
თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინის სუპრესია ამჟამად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მანამდე იყო, რაც მთლიანობაში მდგომარეობის გაუარესების ნიშანია.
ლეიკოპენიის ალტერნატიული პრობლემა ასევე შეიძლება იყოს ვიტამინ B12-ის და ფოლიუმის დეფიციტი, როგორც მალნუტრიციის შედეგი, რაც ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს; შესაძლოა, სხვა ალტერნატიული მიზეზებიც იყოს, მაგალითად, ვირუსული ინფექცია.

„სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის მიზანი შექმნის დღიდანვე არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა და არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში“, – ნათქვამია დასკვნაში.

ექიმების ჯგუფი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესზე დაკვირვებას და პერიოდულად, ორი–ოთხი თვის ინტერვალით მოინახულებს პაციენტს, შეისწავლის სამედიცინო დოკუმენტაციას.
გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში ვიზიტი განხორციელდება არაგეგმურადაც. ექიმების შემდეგი ვიზიტი დაგეგმილია სექტემბერში.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას კლინიკაში, ამ მხრივ სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფს შენიშვნები არა აქვს.
კობახიძე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის უფლებების დაცულობა დაადასტურა>>
ასევე არ არის განსაკუთრებული შენიშვნები კლინიკის ხელმძღვანელობისადმი, გრძელდება სიმპტომატური მკურნალობა, რაც მათი მხრიდან პრაგმატული მიდგომაა, ნათქვამია დასკვნაში.
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფში შედიან: გიორგი გრიგოლია, გიორგი კაჭარავა, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი და აიდა გოზალოვა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი ციხის საკანში>>
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0