რატი ბრეგაძე: სააკაშვილი ისევ არ იცავს ექიმების რეკომენდაციებს

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
გამოწერა
მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია განცხადებები სააკაშვილის წამების შესახებ.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების ყველა რეკომენდაციას არ ასრულებს და მანიპულაციებს აგრძელებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია". სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.

„მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ექიმები ეუბნებიან“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, მისთვის მიუღებელია განცხადებები სააკაშვილის წამების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".
„განცხადება პირადად ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რადგან აქ არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება. როდესაც საუბარია იმაზე, თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასდროს დავეთანხმები. თუ სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი ნამდვილად არის საქართველო“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ვერ იქნება წამება, როდესაც ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა, არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, მას სთავაზობენ საკვების მიღებას, გამუდმებით მოუწოდებენ შესაბამისი მკურნალობის მიღებას და უკვე 2300-მდე ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები.
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - კობახიძე>>

„ჩვენ სახელმწიფოს აქვს ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ის თვალყურს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებას. მან მადლობა გადაუხადა თავისი უწყების თანამშრომლებს და ასევე ექიმებს, რომლებიც „მცდელობას არ აკლებენ, რომ ამ ადამიანმა სრულყოფილად იმკურნალოს და მიიღოს საკვები“. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში ნანახი გამოსახულებით, თქვა მინისტრმა.
სააკაშვილი ფართო საზოგადოების წინაშე 3 ივლისს მის ერთ-ერთ საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩართვაში გამოჩნდა. მან მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.

„სიმართლე გითხრათ, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას. თვითდაზიანებაში იგულისხმება შიმშილობის მრავალი ეპიზოდი, ექიმების რეკომენდაციებისადმი არდამორჩილება, მედიკამენტებისა და საკვების შერჩევით მიღება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან კვებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრმა თავად სააკაშვილსა და მის ოჯახს დააკისრა.
„კარგად მოგეხსენებათ, რომ საკვები მასთან მიაქვთ მისი ოჯახის წევრებს. სამედიცინო პერსონალმა მისცა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც არ ასრულებენ. შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის უშუალოდ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს, უქმნის ყველა პირობას, რათა იმკურნალოს და თუ არ მკურნალობს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია მისი გამოჯანმრთელებით, ხოლო მის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მის თანამოაზრეებს აკისრიათ.
„ისინი მუდმივად მოუწოდებდნენ, დაეზიანებინა საკუთარი ჯანმრთელობა, რადგან მათ სურთ მხოლოდ ერთი რამ – ისარგებლონ მსჯავრდებულის პოლიტიკური წარსულით და დაიწერონ საკუთარი პოლიტიკური ქულები“, – განაცხადა ბრეგაძემ.
„თუ ვინმეა დაინტერესებული ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვართ ჩვენ, რადგან ეს ადამიანი ამჟამად პატიმარია და, შესაბამისად, ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე, რასაც ჩვენ ვასრულებთ პირნათლად“, – განაცხადა მან.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო და მედიკოსები ადამიანს ვერ დააძალებენ ვერც საკვების მიღებას და ვერც მკურნალობას.

გათავისუფლების მცდელობები

სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
უკვე 16 ივნისს ექს-პრეზიდენტმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. მას მერე სოციალურ ქსელში სისტემატურად ჩნდება მისი პოლიტიკური განცხადებები.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.

მსჯავრდებული სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ყველა ახალი ამბავი
0