მოხალისეებმა სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს

© Ministry of Internal Affairs of Georgia სამაშველო ოპერაცია შოვში
სამაშველო ოპერაცია შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2023
გამოწერა
სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. მოხალისეებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და წყალი ჩაიტანეს.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათაგან 12 იდენტიფიცირებულია, ხოლო 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. უწყვეტად გრძელდება დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან. გარდაცვლილებს შორის უცხოელებიც არიან. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
მოხალისეები ამ ეტაპზე სოფელ გლოლაში იმყოფებიან და სამართალდამცველების მითითებას ელოდებიან, რომ იმ ადამიანებთან მივიდნენ, ვისაც აღნიშნული დახმარება სჭირდებათ.
„ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა, რომ შეგროვებულიყო აუცილებელი პროდუქტები, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. გაფრთხილებულია მოსახლეობა, სწორედ მათი საჭიროებები მოვისმინეთ და ისე შევარჩიეთ პროდუქტები, რაც უნდა შეგვეძინა. აქ ვართ ჯამში 12-13 მოხალისე. გაგვაერთიანა ამ ტრაგედიამ “, – განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ.
პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა შაბათს განაცადა, რომ შოვში ძებნა-შველის სამუშაოებში მოხალისეების ჩართვის აუცილებლობა არ არის.
სტიქიის ზონაში მუშაობს წითელი ჯვარიც. დახმარების ცენტრები სტიქიის ეპიცენტრში, მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გლოლაშია განთავსებული. დაზარალებულებსა და მედიის წარმომადგენლებს ადგილზე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.
პაპუაშვილი: მეწყერის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ჩართვა საჭირო არ არის >>
სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
სტიქიის ეპიცენტრი კოტეჯების ტერიტორიაა, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0