ტრაგედია რაჭაში - ქვეყნის პირველი პირები დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსტიქია რაჭაში
სტიქია რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი გამოეხმაურნენ.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. დაღუპულია შვიდი ადამიანი. 31 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

„მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიის წინაშე, რაც დატრიალდა გუშინ ღამე და დღეს. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ტრაგედია ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც იზიარებს ყოველი მოქალაქე.
„ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქ არის ჩართული, მთავრობას, დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება - პრემიერი>>
საქართველოს პრეზიდენტმა მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მათი როლი არ დასრულებულა და ძალიან რთულია ამ პირობებში მუშაობა. ვიცით, რამდენად შეუძლიათ მათ ამ რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ", – თქვა სალომე ზურაბიშვილმა
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფება.

„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს. 210 ადამიანი იქნა უვნებლად გამოყვანილი ამ საშინელი ტერიტორიიდან. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და ჯამში 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვეძებთ... მიმდინარეობს როგორც სამძებრო, ისე გაწმენდითი ღონისძიებები", – განაცხადა პაპუაშვილმა

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ადგილზე ძალიან მძიმე სურათია.
„ითქვა კიდეც სპეციალისტების მხრიდან, რომ დასავლეთ საქართველოში ასეთი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის მიწისძვრას. მართლაც დაუჯერებელია ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ, მათ შორის გავრცელდა ვიდეოკადრებიც", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს, დაწერა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.

„მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობს ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად. ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად", – აღნიშნა კახა კალაძემ.

სტიქიური უბედურების ზონაში აქტიური სამაშველო და საძიებო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0