მეწყერი რაჭაში - შოვი მოწყვეტილია გარე სამყაროს, ყველა ტურისტული ობიექტი დანგრეულია

© Municipality of Oni Cityმეწყერი შოვში
მეწყერი შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას ორი ადამიანი შეეწირა, უსაფრთხო ადგილზე 150 ადამიანი გადაიყვანეს.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. შოვში მეწყერმა პრაქტიკულად ყველა ტურისტული ობიექტი გაანადგურა და კურორტი გარე სამყაროს მოწყვიტა, განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პაპუნა მარგველიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა, ორი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვში შესასვლელი გზა. ადამიანების დასახმარებლად და ევაკუაციისთვის მაშველები და პოლიცია სტიქიური უბედურების ადგილზე შსს-ს სასაზღვრო ვერტმფრენებით გადაფრინდნენ.

„კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია. როდესაც მოხდა სტიქია, დღის 15:00 საათზე, დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა მთლიანად შოვის ტერიტორიის დაფარვა საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის მასით. დაახლოებით 2 მილიონ კუბომეტრზე მეტია მიწის მასა ჩამოსული“, – განაცხადა მარგველიძემ.

გუბერნატორის თქმით, მაშველებმა მუშაობა მაშინვე დაიწყეს. ისინი შემთხვევის ადგილამდე ფეხით მივიდნენ, მოგვიანებით კი ვერტმფრენები ჩაერთვნენ. საძიებო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„შოვის ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ დაზიანებული. ყველა ის ტურისტული ობიექტი, რაც იყო, ფაქტობრივად განადგურებულია“, – განაცხადა მარგველიძემ.
მისი თქმით, ზარალის დათვლა სამაშველო ოპერაციის პარალელურად მოხდება.
მეწყერი რაჭაში – სამაშველო სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდება>>
მარგველიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა დაღუპულების ვინაობის დასადგენად.
ამჟამად 150-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მეწყრის დროს შოვში იმყოფებოდნენ, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. დილიდან მათ ვერტმფრენებით გაიყვანენ.
კავშირი არ იყო 50-მდე ადამიანთან, თუმცა მათგან ექვსთან დაკავშირება მოგვიანებით მოხერხდა, განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0