ტრაგედია შოვში: ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik / Stringerსაშინელი მეწყერი შოვში. შედეგები
საშინელი მეწყერი შოვში. შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
ცოტა ხანში გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი დაიწყება, განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს მათი თხოვნით ვერტმფრენით სტიქიური უბედურების ეპიცენტრში გადაიყვანენ, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა შოვთან მისასვლელი ხიდები და გზები. ამ დროისათვის ევაკუირებულია 210 ადამიანი. მიმდინარეობს 25 ადამიანის სამძებრო ოპერაცია.

„შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკონტაქტება. მათ ავუხსენით დეტალურად, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებით შევთავაზეთ მათ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანოთ სტიქიის ზონაში და თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ, თუ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება. მათაც გამოთქვეს სურვილი ამ ყველაფრის. შესაბამისად, მათთან კომუნიკაციაში კიდევ ერთხელ გავივლით საკითხებს", – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.
„ამ წუთასაც მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. იმედს ვიტოვებთ, რომ ვნახავთ ამ ადამიანებს ცოცხლებს, თუმცა მოლოდინი შეიძლება 50/50-ზე იყოს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
გარდა ამისა, ცოტა ხანში გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი დაიწყება.
„დღეს საღამოდან უკვე შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით მივიყვანოთ ადამიანები პროზექტურაში, სადაც უკვე გადასვენებულია 11-ვე ცხედარი“, – განაცხადა მან.
ადგილზე 400 მაშველი მუშაობს. სტიქიის ზონაში მალე სამხედროებს ელოდებიან.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, შოვში „უპრეცედენტო მეწყრის“ ჩამოწოლა გამოიწვია ერთბაშად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ, მათ შორის უხვმა ნალექმა, მყინვარების დნობამ და ღვარცოფმა.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორია დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასით არის დაფარული.
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში მსგავსი სტიქია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რაჭა-იმერეთის ზონაში 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას. ამასთან სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიური უბედურების განმეორების საშიშროება არ დგას.
ყველა ახალი ამბავი
0