„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას გეგმავს - გახარიას პარტიის წევრი

© Administration of Georgian Governmentნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ემზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის და გეგმავს მის ჩატარებას სანდო დამკვირვებლების გარეშე, განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და შეგნებულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საუბარია ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციიის დონორი – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საიდანაც განმარტებებს ელოდებიან.

„ვფიქრობ, რომ მთავარი, რაც ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს, არის „ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების მიზნით დაწყებული კომპლექსური სამუშაო. ფაქტია, რომ ეშინიათ და ჩქარობენ... „ოცნების“ მიზანი უკვე ჩანს – არჩევნების ჩატარება სრულიად დაქვემდებარებული ინსტიტუტებით, შავი ფულით/პოლიტიკური კორუფციით, სანდო დამკვირვებლების გარეშე (ან საერთოდ დამკვირვებლების გარეშე). და ამაში ისინი ნებისმიერ ფასს გადაიხდიან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, მას შემდეგ, რაც მთლიანად დაიმორჩილა ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონის უზენაესობის სახელით, თავისი პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით აწარმოებს „უნდობლობის დათესვის ძალიან საშიშ პროცესებს“ იმ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებაში.

„მე არ ვიცი რას აპირებენ სხვები, მაგრამ ჩვენ მათ არ მივანიჭებთ არჩევნების გაყალბების სიამოვნებას და მათ ეს კარგად იციან“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
პაპუაშვილი: USAID-მა იცოდა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები სწორი არ იყო>>>
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბრის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც პარალელური დათვლის შედეგები დააზუსტა.
ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა. „სამართლიანი არჩევნების“ შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
მანამდე ოპოზიცია ISFED-ის მონაცემების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილების მიღება შეძლო.
„დღესაც არ არის გვიან“ - ISFED-ის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან>>>
ამასთან, პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები პრაქტიკულად სრულად დაემთხვა ცესკოს შედეგებს.
მანამდე მმართველი პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანო არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედებებით უნდა დაინტერესდეს. მან ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებს თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველ პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ დაკარგა ნეიტრალიტეტი.
ამასთან, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ სრულად ენდობა ISFED-ს და მას „არჩევნების მონიტორინგის საქმეში ძალზე პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“ უწოდა.
ადრე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ISFED მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამართლიან არჩევნებს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 1995 წელს დაარსდა საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით. დაარსების მომენტიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებში მონაწილეობდა დამკვირვებლის სტატუსით.
ყველა ახალი ამბავი
0