პარლამენტის ვიცე-სპიკერი: ევროკავშირის ანგარიშმა ოპონენტებში ისტერიკა გამოიწვია

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
ევროკავშირის შეფასება შესაბამისი და პოზიტიურია, აღნიშნა გია ვოლსკიმ.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის ანგარიშმა, რომელშიც აღნიშნულია საქართველოს პროგრესი ბევრი მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ოპოზიციაში სერიოზული ისტერიკა გამოიწვია, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოში მთლიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი სისტემა არსებობს კანონმდებლობისა და პოლიტიკის ჩათვლით, რაც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. თუმცა, ძალისხმევაა საჭირო სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

„მთლიანობაში ეს არის პოზიტიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვისა და ბევრ სხვა საკითხთან მიმართებით და ვფიქრობ, რომ ამან სერიოზული ისტერიკა გამოიწვია მოწინააღმდეგეთა გუნდში, რაც არ არის კარგი. საქართველო იყო და რჩება ლიდერთა შორის არა მხოლოდ ტრიოს ფორმატში (უკრაინა, მოლდოვა), არამედ მრავალი თვალსაზრისით უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას", – განაცხადა ვოლსკიმ.

არის საკითხები, რომლებზეც კრიტიკა უნდა მოისმინო და არის თემები, სადაც კრიტიკა განპირობებულია გარკვეული კონიუნქტურით და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით, აღნიშნა დეპუტატმა.
„ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა, ძალიან ბევრი პოზიტივი წერია. არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა დავუთმოთ და ეს ანგარიში, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. მაგრამ ანგარიში რომც არ იყოს, ის, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლის თემა, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, ეს არის თემები, რომლებზეც სისტემური და სისტემატური მუშაობაა საჭირო", – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის მუშაობის საკვანძო მიმართულებები
საქართველოში მუშაობისას ევროკავშირი ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ევროკავშირის მოქმედებათა გეგმით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020-2024 წლებში.
რეფორმები საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩა - დეპუტატი ევროკავშირის ანგარიშზე>>>
ევროკავშირმა 2022 წელს ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, რათა მან თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს.
ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტ თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე.
ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთქმედებები
2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო გაიმართა 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს ყოველწლიური დიალოგი – 2022 წლის ივნისში.
ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა, რათა საქართველოს წახალისების მიზნით შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის HumanRights4all პროგრამის ფარგლებში.
მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს.
თუმცა, ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება.
ევროკავშირი გამოვიდა წინადადებებით, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, როგორიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
ევროკავშირის ფინანსური მონაწილეობა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციებზე იყო ადამიანის უფლებების სფეროში მასშტაბური პროგრამების განხორციელებისა და სისტემური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით. ძირითადი დახმარება EU4Human Rights პროგრამის ფარგლებში განხორციელდა (11 მილიონი ევრო).
პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცველ ორგანოებზე შიდა და გარე ზედამხედველობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.
2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კარგი მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მძლავრ გამტარებელს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ქვეყნის მიხედვით მხარდაჭერის სქემების (CBSS) ფარგლებში მიღებული გრანტებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულების პროექტებს.
ეს მიმართულებებია: ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ჯანმრთელობის უფლება, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა და ასევე თანაბარი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში.
ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას ავსებს ევროკავშირის მიმდინარე რეგიონული პროგრამა EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის – 8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით.
სასამართლო სისტემის რეფორმებს მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა "კარგი მმართველობისთვის" PGG II, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს.
მრავალმხრივი კონტექსტი
საქართველომ 2022 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ჩართულობა გააგრძელა. იგი არჩეული იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლებისთვის.
2022 წლის მარტში ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაგრძელების შესახებ, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.
9 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საშუალებით მეთხუთმეტედ მიიღო საქართველოს რეზოლუცია "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის შესრულებას აკვირდება და რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტმა.
ყველა ახალი ამბავი
0