რატომ მოაწყო ოპოზიციამ აქცია ლაინერის წინააღმდეგ ბათუმში - ირაკლი კობახიძის პასუხი

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თითოეულ საკრუიზო ლაინერს, რომელიც საქართველოში შემოდის, დაახლოებით 350 ათასი ლარი მოაქვს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რათა ავნონ ქვეყნის ეკონომიკას და პოლიტიკური რისკები შექმნან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებული ვითარების კომენტარისას.
ბათუმში ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დააკავეს 19 ადამიანი. ლაინერი, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.

„სინამდვილეში ახსნა ერთადერთია – კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეულ საკრუიზო ლაინერს საქართველოში 350 ათასი ლარი მოაქვს, საიდანაც დაახლოებით 100 ათასი ტურისტების ხარჯებია, ხოლო დაახლოებით 250 ათასი – თანხა, რომელსაც გემი პორტის მომსახურებისთვის იხდის.

„ნაციონალებმა" იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც, „ნაციონალებისა" და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა. ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენებაა, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნა", – განაცხადა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს ბათუმში აქციაზე მომხდარ პროვოკაციებზე სათანადო რეაქციისთვის.

„პროვოკაციის სიმძიმისა და შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევის მიუხედავად, პოლიციელებმა იმოქმედეს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფოს ინტერესები", – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ ლაინერთან დაკავშირებულ მოვლენებს ოპოზიციის მიზანმიმართული პროვოკაცია და დესტრუქციული მოქმედება უწოდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არანაირი განსხვავება არაა ტურისტებს შორის, რომლებიც ან თვითმფრინავით შემოდიან ქვეყანაში, ან ავტომობილით, ან საზღვაო გზით. ოპოზიციონერების მიზანია საქართველოში ტურიზმის და ამით ეკონომიკის განვითარების შეფერხება.
რუსი ტურისტების გარეშე საქართველო წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდს დაკარგავს - კობახიძე>>
ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
Astoria Grande-მ ორშაბათს ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. ოპოზიციონერები ასევე საპროტესტო აქციით დახვდნენ პირველ რეისს 27 ივლისს.
ყველა ახალი ამბავი
0