დათმობა არ იქნება - ჯანდაცვის სამინისტრო რეანიმაციულ განყოფილებებში ახალ წესებს დანერგავს

© AP Photo / Rajanish Kakadeექიმები კლინიკაში
ექიმები კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
ახალი სტანდარტი რეანიმაციული განყოფილებებისთვის ადგენს შესაბამის პირობებს როგორც აღჭურვილობის, ისე მედპერსონალის პროფესიონალიზმის თვალსაზრისით.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. არანაირი დათმობა რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობის ახალი წესების დანერგვის პროცესში არ იქნება და 2023 წლის 1 სექტემბრამდე ყველა კლინიკა მსგავსი სამედიცინო სერვისით ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება რეანიმაციული მომსახურების ე.წ. სანებართვო პირობები. ცვლილებების მთავარი მიზანია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

„ჯერ კიდევ წინა წლის დასაწყისში, როდესაც სამინისტროში მოვედი და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობდა რეანიმაციის არანაირი სტანდარტი, თუნდაც ერთ ფურცელზე დაწერილი, იქნებოდა ექიმებისა და ექთნების რაოდენობა, ინფექციის კონტროლი თუ სხვა", – განაცხადა მინისტრმა.

აზარაშვილის თქმით, სამინისტრომ ამ საკითხზე მუშაობა მაშინვე დაიწყო. ეს საკითხი განიხილებოდა ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში, ხოლო ცვლილებების დამტკიცებიდან ამოქმედებამდე სექტორს მოსამზადებლად ერთი წელი ჰქონდა.

„არანაირი დათმობა ამ კუთხით არ იქნება. არც არის სწორი და ვერც ვხვდები, რა უნდა დავთმოთ?!" – აღნიშნა აზარაშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, რეანიმაციაში სულ რამდენიმე პრინციპული საკითხია, რაც ეხება ინფექციის კონტროლს, გამწოვ სისტემებს, სახანძრო უსაფრთხოებას, საწოლების რაოდენობას ფართობის მიხედვით, ექთნებისა და ექიმების რაოდენობას.

„ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებების გადადება განვიხილოთ", – აღნიშნა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, დაუშვებელია, როდესაც ერთი კლინიკის ბაზაზე 5-10 კლინიკაა შექმნილი, რომლებსაც სურთ კონტრაქტების მეშვეობით მოაწესრიგონ რეანიმაციასთან ან პალატებთან დაკავშირებული საკითხები.
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით.
ჯანდაცვის სამინისტრო: დარღვევები კლინიკების რეანიმაციული განყოფილებების 95%-ში დაფიქსირდა>>
სანებართვო პირობების გარეშე კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რეფორმა უკვე გააცნეს კლინიკების ხელმძღვანელებს, ექიმებსა და დარგის სხვა წევრებს.
ყველა ახალი ამბავი
0