ლაინერი Astoria Grande შეამოწმეს: პოლიციამ მიზეზი განმარტა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია ბათუმის პორტში
საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2023
გამოწერა
საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში აღარ გაჩერდება.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბათუმის პორტში შემოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ის შემოწმება, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, სტანდარტული პროცედურაა, იგი კანონის შესაბამისად ჩატარდა, განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ლაინერი პორტში დღეს, დაახლოებით 06:00 საათზე შემოვიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

„ნებისმიერი საკრუიზო გემი, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, გადის სტანდარტულ პროცედურას. პოლიცია ადის ბორტზე, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე", – განაცხადა დგებუაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ცხრა პირი დააკავა, რომელთა შორისაა ოპოზიციური პარტია „დროას" წევრი და ბათუმის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი მარშრუტიდან ამოვარდა. ლაინერის მგზავრებს საქართველოს ვიზები არ სჭირდებათ.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ცხრა პირი დააკავეს>>>
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0