საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთი კოალიცია გაჩნდეს: ვინ თქვა უარი „ნაცმოძრაობაზე“

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის დარბაზი
პარლამენტის დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2023
გამოწერა
ახლა ეს სამი ოპოზიციური პარტია საკუთარ გაერთიანებაზე მუშაობს და აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო“ და „დროა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის საპირისპიროდ ალტერნატივის შესაქმნელად კონსულტაციებს მართავენ.
მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის გაერთიანებების ფორმირების შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა. 20 ივლისს პარტიამ შექმნა კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელთან“.
მაგრამ 2021 წლის არჩევნების მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თანამოაზრეები - პარტიები „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - ყოფილი პარტნიორების ახალ კოალიციაში გაერთიანებას არ ჩქარობენ.
იძულებითი ნაბიჯი - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციურ კოალიციაზე >>>
ამ პარტიების ლიდერები მიზეზად ასახელებენ განახლებას თავად „ნაცმოძრაობაში“, სადაც ზომიერი და კომპრომისებზე წამსვლელი ნიკა მელია თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა რადიკალურად განწყობილმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც მხარი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელმა მაღალჩინოსნემბა დაუჭირეს.
„ჩვენ გვაქვს აქტიური კოორდინაცია პარტიასთან „გირჩი - მეტი თავისუფლება" და ჩვენ ასევე ვხედავთ საჯარო განცხადებებს „ლელოსგან“ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია გაერთიანება. გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს იდეოლოგიას, ხედვას... ამდენად, ეს კონსულტაციები არ არის დასკვნით ფაზაში“, - განაცხადა „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ.
ახლა ეს სამი ოპოზიციური პარტია საკუთარ გაერთიანებაზე მუშაობს და აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს. კონსულტაციები „გირჩშიც“ დაადასტურეს.
„ერთის მხრივ, მე ვარ მოტივირებული, რომ „გირჩმა“ დამოუკიდებლად გადალახოს 5%-იანი ბარიერი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ არ გავრისკოთ ჩვენ და სხვა პარტიებმა და ერთი პლატფორმის ირგვლივ მოვიყაროთ თავი“, - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე კობერიძე.
„ლელოში“ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ სხვა პარტიებთან შესაძლო გაერთიანების თაობაზე, თუმცა მისმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ „ლელოს“ აქვს ამბიცია, გახდეს წამყვანი პარტია ახალ ალტერნატიულ კოალიციაში.

კოალიციის შანსები

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, პარტიებს „ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ მომავალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის თეორიული შანსი აქვთ და საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“ ერთად საქართველოს ყველაზე რეიტინგული პარტიების ხუთეულში შედიან.
ამასთან, რეიტინგით ისინი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქვეყნის ორ მთავარ ძალას - მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
თუ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაარსებული „ლელო“ ქვეყნის უმდიდრეს პარტიებს შორის მესამე ადგილს იკავებს და ამგვარად უზრუნველყოფს საკუთარი თავის მასშტაბურ რეკლამას, პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აქტიურად თანამშრომლობენ ცნობილ არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებსაც თბილისში ბოლოდროინდელი მასშტაბური აქციებიდან იცნობენ.
ორი „ლუზერის“ გაერთიანება - კალაძე „ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციაზე >>
მმართველი პარტია „ქართულ ოცნებაში“ სამივე პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ „სატელიტებს“ უწოდებენ.

მომავალი არჩევნები

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
მე-11 მოწვევის დეპუტატებს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით აირჩევენ. ამ დრომდე არჩევნები შერეული სისტემით იმართებოდა - პარტიული სიებით და მაჟორიტარულ ოლქებში.
პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მოიპოვებენ.
2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად ელექტრონული სისტემით გაიმართება. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში ბიულეტენების 90%-ზე მეტი უკვე დათვლილი და გამოქვეყნებული იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0