საქართველოში საარჩევნოდ პირველი კოალიცია შეიქმნა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2023
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს.
2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის შესაძლებლობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი თვის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოსაგებად გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამასობაში თავად პარტიაში გრძელდება დაპირისპირება ხაბეიშვილის მხარდამჭერებსა და პარტიის ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას მხარდამჭერებს შორის.

„კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდი პარტიაა პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე უარი უკვე განაცხადეს პარტიებმა – „საქართველოსთვის“ (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია), „გირჩი“, „ლელო“, „დროა“ და „მოქალაქეები“.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანდებიან? - „ოცნების“ შეფასებები >>
„ქართული ოცნების" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
ყველა ახალი ამბავი
0