„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანდებიან? - „ოცნების“ შეფასებები

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 5%-ს მოიპოვებენ.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს უდიდეს ოპოზიციურ პარტიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების პოლიტიკურ ამოცანას და მთავარ მოტივაციას ხედავს ბარიერის გადალახვასა და პარლამენტში ადგილების მოპოვებაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფალავანდიშვილმა მანამდე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები „სტრატეგია აღმაშენებელთან“ აქტიურ ფაზაშია. მისი თქმით, ფორმატი, რომელშიც ორი პოლიტიკური ძალა ითანამშრომლებს, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„რეალურად („სტრატეგია აღმაშენებელს“) ბარიერის გადალახვის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ და ასეთ დროს მათთვის პოლიტიკური ამოცანაა, რომელიმე შედარებით დიდ პოლიტიკურ ძალას მიეკედლონ, რათა პარლამენტში ადგილები მოიპოვონ, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს მათი მთავარი მოტივაციაა, რასაც არასდროს არ აღიარებს ადამიანი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის ამბიცია გააჩნია.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა იყოს განხილული.
„ოპოზიციაში, რეალურად, კარგად ესმით, მაგრამ იძულებული არიან, ამაზე არ ისაუბრონ და უარყონ, რომ ხელისუფლებას რეალურ კონკურენციას ვერ უწევენ. ოპოზიციას არცერთი კვლევა არ აძლევს ოპტიმისტურად ყოფნის საშუალებას, რომ ისინი ხელისუფლებასთან რეალურ კონკურენციაში იქნებიან“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
შესაძლო კოალიციის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არაერთგზის უნახავთ რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები, მაგრამ ამჯერად ამგვარ კავშირს, შესაძლოა, უარესი შედეგიც ჰქონდეს, რადგან ცალ-ცალკე ამომრჩეველს შეიძლება მათთვის უფრო მეტი ხმა მიეცა.

„ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთიანია, ერთი ხის ნაყოფი არიან. საზოგადოებისთვის კარგი იქნება იმის დანახვა, რომ ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებების პარტიები ისევ გაერთიანებული არიან, რაკი მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

თავის დროზე გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ვაშაძემ ეს პარტია საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2016 წლის მაისში დატოვა და საკუთარი პოლიტიკური ძალა დააფუძნა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
ყველა ახალი ამბავი
0