„ვივამედის" დირექტორი - სააკაშვილმა წონაში მოიმატა

© photo: Sputnik / Stringer მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
 მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
ნინო ნადირაძის განცხადებით, პაციენტი სააკაშვილი უფრო ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციებს, ვიდრე მისი ოჯახის წევრები.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პოლონელი ექიმები სრულად ეთანხმებიან საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსს, განაცხადა კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
კლინიკაში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის, პოლონელი ექიმების ჯგუფი სკანდალში გაეხვა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ფეხსაცმლით ფარულად მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას შეეცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.

„ძალიან კმაყოფილი იყვნენ ყველაფრით, რაც იქ ნახეს. თქვეს, რომ აბსოლუტურად ეთანხმებიან ჩვენ მკურნალობას. დიაგნოზებსაც გადახედეს და მადის მოსამატებელი პრეპარატი ჩართეს. ჩანაწერებიც გააკეთეს. პირველი შემთხვევაა, როდესაც სპეციალისტებმა ადამიანებად ჩაგვთვალეს და ჩანაწერები გაგვიკეთეს“, – განაცხადა ნადირაძემ.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილმა წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა კონკრეტულად რამდენი – არ უთქვამს, რადგან ეს პაციენტის პერსონალური მონაცემია.
„ნუ დამასახელებინებთ ციფრს. ჩვენ ჯარიმის სახით ათასი ლარი მაინც გადავიხადეთ, რადგან მკურნალმა ექიმმა გააჟღერა სააკაშვილის წონის ციფრი", – განაცხადა ნადირაძემ.
პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო უწყება უკომენტაროდ დატოვა>>>
როგორც კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, პაციენტი უფრო ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, ვიდრე მისი ოჯახის წევრები.
„ჩვენ ვერ ვაიძულეთ (ოჯახის წევრები), რომ მოიტანონ ის საკვები, რასაც ჩვენ ვთხოვთ. სანამ არ იქნება გარანტია, რომ (სააკაშვილი) გავა თავისუფლებაზე, არცერთი წამით არ ველოდები, რომ მისი გარემოცვიდან ვინმე იტყვის, რომ იგი უკეთ არის“, – აღნიშნა ნადირაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
სააკაშვილი საქართველოში
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი: ზურაბ ჩხაიძე პოლონელი ექიმის საქციელზე>>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0