სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი: ზურაბ ჩხაიძე პოლონელი ექიმის საქციელზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2023
გამოწერა
აუხსნელი ფაქტია, ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ნიმუშის აღებას არავინ უკრძალავდა, განაცხადა დირექტორმა
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პოლონელი ექიმის საქციელი, რომელმაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალის ფარულად გატანას ცდილობდა, აუხსნელია, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს, სააკაშვილის სამედიცინო შემოწმებისას, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ბიომასალის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის საელჩოსგან განმარტებას ელოდება.
„ჩემთვის აუხსნელია, მართალი გითხრათ, ნამდვილად არ მაქვს პასუხი ამაზე, რადგან არავინ უკრძალავდა. თანხმობა იყო გაცემული. რაც მოითხოვეს, ჩვენ ის ნიმუშები გადავეცით. მათ ბიოლოგიური ნიმუშის აღება, თუ რაიმე აინტერესებდათ, ამის პრობლემა არ ჰქონდათ, ოღონდ ეს უნდა მომხდარიყო კანონიერი გზით“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი თქმით, ბიომასალის კლინიკის ფარგლებს გარეთ გატანის მცდელობის გამოვლენის შემდეგ პოლონელმა ექიმებმა გააფორმეს ოფიციალური განაცხადი, რომელიც პროტოკოლის სრული შესაბამისობით შესრულდა.
„რაც მოითხოვეს, ის ბიოლოგიური მასალა ჩვენ მიერ, პროტოკოლის სრული შესაბამისობით, აღებულ იქნა ორ ეგზემპლარად. ერთი გადაეცა მათ და ერთი დავიტოვეთ ჩვენ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
იმავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის კვლევის შედეგების გაყალბება სურდათ და აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
სააკაშვილი საქართველოში
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.
პრემიერი სააკაშვილის ნიმუშების დამალვაზე: პოლონელმა ექიმებმა თვითდისკრედიტაცია მოახდინეს >>
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ბრეგაძე: პაციენტის ნიმუშის აღების შემდეგ ის უნდა დაილუქოს, და არ უნდა განთავსდეს წინდაში >>
კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0