პრემიერი სააკაშვილის ნიმუშების დამალვაზე: პოლონელმა ექიმებმა თვითდისკრედიტაცია მოახდინეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2023
გამოწერა
ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ მომხდარი პოლონეთში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. პოლონელმა ექიმებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დროს მისი ბიომასალის დამალვით საკუთარი ქმედებით მთელი პროცესის დისკრედიტაცია თავადვე მოახდინეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის საელჩოსგან განმარტებას ელოდება.

„სამარცხვინოა რაც მოხდა, შემაშფოთებელი ფაქტია, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია... ჩვენ ვალდებულები ვიყავით გაგვევრცელებინა კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ... ალბათ აქ ჰქონდათ რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები... ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა თუნდაც ნიმუშების დამალვის იდეის უკან. ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან მან არ გამორიცხა, რომ პროცესი შესაძლოა პოლონეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს.
„პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან... აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამ საარჩევნო კამპანიაში, როგორც ჩანს, აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია და, როგორც ჩანს, ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა და მე ეს ვიცი პირადად ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სააკაშვილი საქართველოში

დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონეთიდან ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ბრეგაძე: პაციენტის ნიმუშის აღების შემდეგ ის უნდა დაილუქოს, და არ უნდა განთავსდეს წინდაში >>
კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0