პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო უწყება უკომენტაროდ დატოვა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
საქართველოს საგარეო უწყებამ კლინიკიდან სააკაშვილის ბიომასალის ფარულად გატანასთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს პასუხი მოსთხოვა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა მარიუშ პიეტრ ჟაკმა, რომელიც პოლონელი ექიმის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის იყო დაბარებული, შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა.
სკანდალი სააკაშვილის ბიომასალთან დაკავშირებით: პოლონეთის ელჩი საგარეო უწყებაში იმყოფება>>>
ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს ოფიციალური განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამჟამად საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი სამშობლოში იმყოფება, ამიტომ საგარეო უწყებაში მისი მოადგილე მივიდა.
სააკაშვილი საქართველოში
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ვითარება სააკაშვილის ირგვლივ - იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის ელჩისგან განმარტებას ელოდება>>>
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0