სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველესი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიტიკას უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ლგბტ-თემის მომხრეთა აქციაზე
პოლიცია ლგბტ-თემის მომხრეთა აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერთა ფესტივალი ლისის ტბასთან ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ქართულმა პოლიციამ უშუალო და მთავარი მიზანი შეასრულა – ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერი ფესტივალი „თბილისი პრაიდის“ დროს არავინ დაშავებულა, განაცხადა საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე.
მანამდე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის დროს პოლიციის მოქმედება გააკრიტიკა. დიპლომატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შსს-მ არ შეასრულა დანაპირები და ვერ შეძლო ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნება მისცა „დაუმორჩილებელ ბრბოს“ თბილისის ქუჩებში მოეწყო მსვლელობა, ფესტივალის ჩატარების დახურულ ადგილზე ძალადობის, პოლიციის კორდონის გარღვევისა და ვანდალიზმის აქტების მოწოდებით გამოსულიყო.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება – ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ „პრაიდის“ მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია. გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყვნენ. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო და მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა“, – განაცხადა კუპატაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე შსს-ს თითქმის ყველა ქვედანაყოფი იყო მობილიზებული – 3 ათასამდე პოლიციელი, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტი.
„მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – აღნიშნა კუპატაძემ.
ფესტივალი, რომელიც ამ წლის 8 ივლისს ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია. სამართალდამცველები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი შეირაღებული იყო სხვადასხვა საგნებით. აქციაზე არავინ დაშავებულა.
პოლიციამ სწორად გაანაწილა პრიორიტეტები - დეპუტატმა აშშ-ის ელჩის კრიტიკას უპასუხა>>
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთულია და ღონისძიების ჩაშლის მთავარი მიზეზი ესაა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ჩატარება. მოგვიანებით პოლიციის მოქმედება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.
ამის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი სტიმულს აძლევს პოლიციის კრიტიკას უცხო ქვეყნების ელჩების მხრიდან. მისი თქმით, პოლიციამ ვერ უზრუნველყო ღონისძიების ჩატარება, მაგრამ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტი და იზრუნა მთავარზე – ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0