დედაქალაქის მერი მეტროს სადგურებში ჩასატარებელ სამუშაოებზე

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2023
გამოწერა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მეტროს მოდერნიზაციის პროექტისთვის გამოყოფილია 50,6 მლნ ევრო სესხის, ხოლო 5 მლნ ევრო გრანტის სახით.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისის მეტროს 12 სადგურის მოდერნიზაციის პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განმარტებით, მეტროს სადგურების რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვლება „სადგურის მოედნის" მესამე ამოსასვლელის სამი ესკალატორი, განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას.
ასევე შეიცვლება ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები. განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა.
გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა. მათ შორის, რამდენიმე სადგურზე დამონტაჟდება სპეციალური, დახრილი ლიფტები. „სადგურის მოედნის" კვანძზე დამონტაჟდება ორი ლიფტი – პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად.
დაიკეტება თუ არა მეტროს სადგური „ვარკეთილი" რემონტის გამო>>
მერის თქმით, გარემონტდება ცენტრალური სადრენაჟო სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები, უწყვეტი კვების წყარო (UPS) სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის, ასევე ავტომატური მართვის პუნქტებისთვის.
გარემონტდება სადგურების გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა-ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრიც. განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები, აღნიშნა კახა კალაძემ.

„აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ მეტროს მუშაობა არსებითად გაუმჯობესდება, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძის თქმით, მერია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რომელიც მეტროს მოდერნიზაციის პროექტში აქტიურად არის ჩართული.
„ამისთვის უკვე გამოყოფილია 50,6 მლნ ევრო სესხის, ხოლო 5 მლნ ევრო გრანტის სახით. უკვე მომზადებულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EGIS-ის მიერ მეტროს სადგურების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა", – განაცხადა კახა კალაძემ.
როდის გაფართოვდება თბილისის მეტროპოლიტენის ქსელი - მერიის პასუხი>>
მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერითვე შეირჩა კონსულტანტი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას, რომლებიც აღნიშნულ პროცესში არიან ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0