როდის გაფართოვდება თბილისის მეტროპოლიტენის ქსელი - მერიის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
მეტროს ახალი ხაზების ყველა სქემა, გეგმა, მიმართულება და ლოკაცია მზადაა, განაცხადა ხელისუფლებამ.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. თბილისის მერიამ შეიმუშავა რამდენიმე პროექტი მეტროპოლიტენის ქსელის გასაფართოებლად, თუმცა ამ მომენტში მათი რეალიზაცია არ განიხილება, განაცხადა ქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განთავსებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.

„მომზადებულია სხვადასხვა მიმართულებით მეტროს ქსელის გაფართოების პროექტის რამდენიმე ვარიანტი. დღეს გამიჭირდება კონკრეტული განცხადებების გაკეთება: ეს უკავშირდება საკმაოდ დიდ ხარჯებს... დღეისათვის ეს საკითხი მუნიციპალიტეტში მართლაც არ არის განხილვის ეტაპზე“, – განაცხადა ხმალაძემ მედიაპლატფორმა BMG-ზე.

მისი სიტყვებით, მეტროს ახალი ხაზების სქემები, გეგმები, მიმართულებები და ლოკაციები მომზადებულია, მაგრამ დღეს მერიის პრიორიტეტში არის არა ეს საკითხი, არამედ ავტობუსების ბაზების გაზრდა.
ბოლო წლებში ავტობუსების პარკი თბილისში მთლიანად განახლდა, ამასთან ავტობუსების რაოდენობა 655-დან 860-მდე გაიზარდა.
თბილისის მეტროპოლიტენის ისტორია ხუთ ათწლეულზე მეტს ითვლის. ეს კავკასიაში პირველი და სსრკ-ში მეოთხე მეტროპოლიტენია - მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის მეტროების შემდეგ.
ყველაზე პოპულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2023 წელს 57 წელი შეუსრულდა. ბოლო, რიგით 23-ე სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 2017 წელს გაიხსნა.
ბოლო დროს თბილისის ხელისუფლება აქტიურად არემონტებს მეტროპოლიტენის სადგურებს, აახლებს და ამატებს ახალ შემადგენლობებს. 2023 წელს სადგურების რეკონსტრუქციაზე იგეგმება 4 მილიონი ლარის დახარჯვა. დაგეგმილია 12 ახალი შემადგენლობის დამატება.
ყველა ახალი ამბავი
0