კობახიძე: ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2023
გამოწერა
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთთან ომი საქართველოს გაანადგურებს.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ისევე პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე, როგორც ნატოელი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებს ბირთვულ ომს არიდებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის პირველი დღის დასკვნით კომუნიკეში ნათქვამია, რომ ნატო არ ისწრაფვის კონფრონტაციისკენ და არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ალიანსი არ ისწრაფვის რუსეთთან კონფლიქტისკენ, იგი უბრალოდ მასში მონაწილეობს.

„ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს, ხოლო ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. რუსეთთან ომი საქართველოს გაანადგურებს. ამიტომ ჩვენ ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა ომს ვარიდებთ ამ ქვეყანას, როგორი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ნატოელ პოლიტიკოსებს, როცა ბირთვულ ომს არიდებენ საკუთარ ქვეყნებს", – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის" ეთერში.

მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატოში შესვლის პროცესი არ გაჭიანურდეს.
„საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფება. სინამდვილეში ეს ასეა. ანუ, ვიდრე ჩვენ გამოვხატავთ ნატოს წევრობის სურვილს და, ამასთან, არ ვართ ალიანსის წევრი, რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივი რისკი გვაქვს. ამიტომაც რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები", – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ ყველა პირობა შეასრულა და ელოდება, რომ წლის ბოლოს აღნიშნულ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთი საქართველოში გავლენებს კარგავს>>>
პოლიტიკოსის განმარტებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის რეგიონულ კონტექსტსა და გლობალურ სიტუაციაზე,
„თუ ისინი დაინახავენ საქართველოში ხელისუფლებისა და საზოგადოების სიმყარეს – რომ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც მტკიცედ იცავენ ქვეყნის ინტერესებს, ამ შემთხვევაში ჩვენთვის სტატუსის მინიჭების შანსები უფრო მეტი იქნება", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში რყევები იქნება, კონკრეტულ ძალებს ექნებათ ინტერესი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რადგანაც ეს კარგი საფუძველი იქნება დესტაბილიზაციისთვის.
ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა გასული წლის 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატების სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. სამიტმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც იგი 12 პირობას შეასრულებს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„უსუსური მცდელობა“ - კობახიძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებაზე სააკაშვილთან დაკავშირებით>>>
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 12-ვე პირობა შეასრულა. შენიშვნების უმეტესობა პრაქტიკის დახვეწას ეხება, ხოლო საკანონმდებლო დონეზე სამუშაო შესრულებულია. რიგ შემთხვევებში საუბარია ახალი კანონების მიღებაზე, მათ შორის სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ სისტემური მიდგომის გამოყენებით, მაგრამ ამ პუნქტების შესასრულებლად ევროკომისიისგან საჭიროა კონკრეტიკა.
საქართველო და ნატო
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე.
2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი საქართველომ მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობს ხელს.
ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების ვადები არ დასახელებულა.
რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ამ ალიანსის გაზრდის მისი საზღვრებისკენ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებას არ ამყარებს.
ყველა ახალი ამბავი
0